საყლაპავის კიბო უმეტესად მოწიფული ასაკის და ხანდაზმულ მამაკაცებს ემართებათ. საყლაპავის კიბოს უმეტესად ბრტყელუჯრედული სტრუქტურა აქვს. საყლაპავის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების სიხშირით მეორე ადგილზე დგას ადენოკარცინომა. სიმსივნური წარმონაქმნი ყველაზე ხშირად აზიანებს საყლაპავის ქვედა და შუა ნაწილებს. საყლაპავის კარცინომის განვითარების ხელშემწყობ გარეგან ფაქტორებს მიაკუთვნებენ არასწორ კვებას (ცხელი საკვების ხშირ მიღებას), მოწევას, ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას. თამბაქოს მოხმარება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს 2-4-ჯერ ზრდის, ალკოჰოლისა კი - 1-2-ჯერ. საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი იმატებს ვიტამინების (განსაკუთრებით - A და C ვიტამინების) დეფიციტისა და ტუტე ხსნარებით დამწვრობის შემთხვევაში (ზემოქმედებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი). კიბოსწინარე დაავადებებად შეიძლება ჩაითვალოს საყლაპავის აქალაზია და ბერეტის საყლაპავი. საყლაპავის კარცინომის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გეოგრაფიული ფაქტორიც. ეს დაავადება 400-ჯერ მეტად არის გავრცელებული ჩინეთსა და ირანში, რაც, სავარაუდოდ, კვების თავისებურებით - მარინადების, ნიტროზამინების, სოკოების ჭარბი გამოყენებით და სელენის, ახალი ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტით არის განპირობებული. |