ფოლიკულური კისტა საკვერცხის კისტებს შორის ყველაზე ხშირია ფოლიკულური კისტა. ის უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში ვითარდება. მისი წარმოშობა საკვერცხის ესტროგენული ფუნქციის დარღვევას უკავშირდება, თუმცა განსაზღვრულ როლს ანთებითი პროცესებც ასრულებს. მცირე ზომის, გაურთულებელი კისტა უმთავრესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ. ჩივილებს მხოლოდ კისტის ფეხზე შემოგრეხა ან მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა იწვევს. ამ დროს აღინიშნება ტკივილი წელის არეში და სიძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში. დაიაგნოზის დასმა რთული არ არის. ის გინეკოლოგიური კვლევის მონაცემებს ეფუძნება. დიაგნოზის დასაზუსტებლად და საშვილოსნოს სუბსეროზული მიომისგან დიფერენცირების მიზნით ექოგრაფიას მიმართავენ. ასევე საჭიროა ფოლიკულური კისტის დიფერენცირება საკვერცხის კისტომისგან. კისტის დიაგნოზის სასარგებლოდ უმთავრესად მისი მცირე ზომა, ელასტიკური კონსისტენცია და პაციენტის ახალგაზრდა ასაკი მეტყველებს. |