lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Pimpinella Saxifraga L
გვერდელა ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახია. ფესვის ყელი ძველი ფოთლების ყუნწების ქეჩოსმაგვარი სამოსელითაა დაფარული. მცირედ დატოტვილი, მრგვალი გარშემოწერილობის, მცირედ დაღარულ ღეროზე ფოთლები განლაგებულია მხოლოდ ძირა ნაწილში. კენწეროზე მხოლოდ ერთეულად შემორჩენილი სახეშეცვლილი და დაკნინებული ფოთლებია. ღეროს სულ ძირა ნაწილში განლაგებული ფოთლები 10-20 სმ სიგრძისაა და 3-5 წყვილი ფოთოლაკისაგან შედგება, დაკბილული ან დანაკვთულია. ღეროს შუა ნაწილის ფოთლების ფოთოლაკები ღრმადაა დანაკვთული, კენწრული ფოთლები სამნაკვთიანია. ყვავილები კენწრულ ქოლგებადაა შეკრებილი. ყვავის თეთრი ყვავილებით ივნის-აგვისტოს განმავლობაში. გვხვდება დაბალი სიხშირის ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ტყის ზონის უტყეო ფერდობებსა და მშრალ მდელოებზე. მას საქონელი კარგად ძოვს და ყუათიან ბალახადაცაა აღიარებული. სურნელოვან ფოთლებს ფლავში ურევენ სასიამოვნო გემოს მისაცემად. გამოიყენება ძეხვის წარმოებაში. სამკურნალოდ ფესვები გამოიყენება სპირტზე მომზადებული ნაყენის ან გამონახარშის სახით ხველების, ხმის ჩახლეჩის, ბრონქიალური ასთმის, ანგინის, ბრონქების კატარის დროს. გარდა ამისა მის გამოყენებას ურჩევენ შარდდენის გასაძლიერებლად შარდშეკავების შემთხვევაში და თირკმლების ან საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს, აგრეთვე კუჭის კატარისა და საშვილოსნოს კიბოს დროსაც. იწვევს სისხლძარღვების გაგანიერებას და ამით ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ხალხში ის ოფლმომგვრელ საშუალებადაა ცნობილი. წვრილად დაჭრილ, ჩრდილში გამხმარ ერთ ჩაის კოვზ ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა ანადუღარ და გაგრილებულ წყალს, დგამენ 8 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურავენ, ნარჩენს ცოტა მდუღარე წყალს ასხამენ და მიღებულ გამონაცემს წურავენ 10 წუთის შემდეგ. წყლიან ნაყენს და გამონაცემს ერთმანეთში ურევენ, ატკბობენ ერთი სუფრის კოვზი თაფლით და მიიღებენ ერთი დღის განმავლობაში 2-3-ჯერ. ძლიერი ხველის დროს ფრიად ეფექტურია ღამით 20 წვეთი სპირტზე ნაყენის ჩაის კოვზით წყალთან ერთად მიღება. რამოდენიმე წუთის შემდეგ ქრება ყელში კაწვრის შეგრძნება და ნელდება ხველაც.