ალკოჰოლიზმის საფუძველზე, განსაკუთრებით - მის II და III სტადიებში, შესაძლოა განვითარდეს ფსიქოზი. თეთრი ცხელება (დელირიუმი) ალკოჰოლური ფსიქოზის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა. ის, წესისამებრ, მოულოდნელად, მწვავედ ვითარდება, თანაც არა თრობისას, არამედ ნაბახუსევზე, აბსტინენციური სინდრომის ფონზე, სმის შეწყვეტიდან 1-3 დღეში. ამას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის რამდენიმედღიანი გადაბმული სმა. ხშირია თეთრი ცხელების შემთხვევები ალკოჰოლიზმით დაავადებულის ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ თუ სხვა სტაციონარში მოხვედრისას ანუ მაშინ, როცა ის იძულებულია, სმა შეწყვიტოს. მის აღმოცენებას ხელს უწყობს დამატებითი ფაქტორები: ოპერაცია, მაღალი ტემპერატურა, ტრავმა, სომატური დაავადებების გამწვავება, სისხლის დაკარგვა. თეთრი ცხელება მწვავედაც შეიძლება განვითარდეს (განსაკუთრებით - მაპროვოცირებელი ფაქტორის არსებობისას) და წინა პერიოდიც ჰქო¬ნდეს. მაგალითად, თეთრი ცხელების დაწყებამდე 2-3 დღით ადრე ირღვევა ძილი, იწყება კოშმარები, ავადმყოფი ოფლად გაღვრილი და შეშფოთებული იღვიძებს. შესაძლოა, აღმოცენდეს აღქმის ხანმოკლე ილუზიები: ნახატები "გაცოცხლდნენ" და ა.შ. საკუთრივ ფსიქოზი, ჩვეულებრივ, საღამოს ვითარდება. ძლიერდება შფოთის შეგრძნება, აგზნება. ჩნდება მხედველობითი და სმენითი ილუზიები. ავადმყოფი ხედავს სინამდვილეში არარსებულ საგნებსა და მოვლენებს. მეტწილად - მწერებს და პატარა ცხოველებს, იშვიათად - დიდებსაც, ზოგჯერ - არარეალურ არსებებს, ეშმაკებს. მხედველობითი ჰალუცინაცია ზოგჯერ ერთეულია, ზოგჯერ მრავლობითი, ზოგჯერ კი ავადმყოფი მთელ სცენებს ხედავს. შესაძლოა, ამას სმენითი ჰალუცინაციაც დაერთოს. მაგალითად, ავადმყოფს ჩაესმას ადამიანების ან ეშმაკების "ხმა". ავადმყოფს გონება დაბინდული აქვს, ამიტომ ილუზიურ გამოსახულებებს უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე რეალურად მომხდარს. მისი ქმედებაც ამ მოჩვენებებით არის განპირობებული და არა რეალური ვითარებით. ავადმყოფი ამ მოჩვენებითი აღქმების არა პასიური, არამედ აქტიური მაყურებელია, ამიტომ საკუთარი თავისთვისაც და ირგვლივ მყოფებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. თეთრი ცხელების დროს ადამიანი კარგავს გარემოსა და დროში ორიენტირების უნარს, მაგრამ არ ავიწყდება თავისი სახელი, გვარი, ასაკი და ა.შ. აგზნება კულმინაციას ღამით აღწევს. დილით მდგომარეობა უმჯობესდება, ავადმყოფი აცნობიერებს, რაც გადაიტანა, ხვდება, რომ ავადაა, თუმცა არ არის გამორიცხული, ღამით გამწვავებამ კვლავ იჩინოს თავი. თეთრი ცხელების დროს ავადმყოფს უკანკალებს ხელები, სიარული არამყარი აქვს, მეტყველება - გაურკვეველი. ფსიქიკურის პარალელურად თავს იჩენს სომატური დარღვევებიც: სახის სიწითლე, ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის ცვალებადობა, მწვავე ტოქსიკური ჰეპატიტი ან ციროზი. მოსალოდნელია ეპილეფსიური გულყრებიც. თეთრი ცხელება 3-5 დღეს გრძელდება. მძიმე სომატური დარღვევის დროს 10 დღესაც შეიძლება გასტანოს. ხანმოკლე დელირიუმის დროს გამწვავება ხანგრძლივი გამოძინების შემდეგ ჩაცხრება. ხანგრძლივი ცხელების შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო ჩარევა. მართალია, ლეტალური შედეგი იშვიათია, მაგრამ მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაზიანება, ღვიძლისმიერი უკმარისობა, ტვინის შეშუპებაც კი. |