lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Punica Granatum L
ბროწეულისებრთა ოჯახში შედის. საკმაოდ ტანმაღალი (1-5 მ) ხშირტოტებიანი ეკლოვანი ბუჩქია. ახალგაზრდა ტოტები მომწვანო-ნაცრისფერია, წიბოებიანი, დამოკლებული ტოტები ეკლით ბოლოვდება. ფოთლები მოპირისპირეა ან შეჯგუფული, ტყავისებრი, მბრწყინავი, ელიფსური ან მოგრძო ლანცეტა, კიდემთლიანი. ყვავილები კაშკაშა წითელი, მრგვალი ნაყოფის დიამეტრი 15 სმ-მდე აღწევს, წონით კი 700 გრამამდე. თესლებს წვნიანი ხორცოვანი რბილობი აკრავს. ყვავის მაის-აგვისტოში, ნაყოფი კი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. ბუნებრივად გავრცელებულია როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთშიც. იზრდება მშრალ ქვა-ღორღიან ფერდობებზე, კულტურა ფართოდაა დანერგილი საქართველოს ბარში. ბუნებრივად იგი 600-900 მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება ზღვის დონიდან, უფრო ხშირად კი 600 მეტრამდე. ბროწეულის ნაყოფის კანსა და ღერო-ტოტების ქერქს ტყავის შავად შესაღებად ხმარობდნენ. ნაყოფის კანისა და ძაღას (რკინის შაბიამანი) მეშვეობით შესაძლოა შავი მელნის დამზადება. სამკურნალოდ ნაყოფის კანი, ღეროს, ტოტებისა და ფესვების ქერქი გამოიყენება პარაზიტი ლენტური ჭიების წინააღმდეგ. აგრეთვე შემკვრელ საშუალებად კუჭ-ნაწლავის აშლილობისას. მის შემადგენლობაში არსებული ალკალოიდი პლეტერინი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და ტოქსიკურ მოვლენებს იწვევს. თბილისის ფარმაკოქიმიურ კვლევით ინსტიტუტში შემუშავებულია ბროწეულის ნაყოფის კანის მშრალი ექსტრაქტი-ექსგრანი, მისი, როგორც კუჭაშლილობის საწინააღმდეგო საშუალების, კლინიკური გამოცდა ჩატარდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. ექსგრანი 0,75 გ დოზით დღეში სამჯერ იწვევს ავადმყოფის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, უმჯობესდება აგრეთვე ძილი, მადა, უქრება მუცლის ტკივილი და კუჭაშლილობა. ხალხური მედიცინა ბროწეულის ნაყოფის კანს კარგ შემკვრელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად თვლის კუჭაშლილობის, დიზენტერიის (ჩვენში დიზენტერიის საწინააღმდეგოდ მას არაეფექტურად თვლიან), კუჭნაწლავის ანთების დროს. იყენებენ ნახარშს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ნაყოფის კანი, ერთ ჭიქა წყალზე. ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წუთს (2 დღის დოზა). ბროწეულის ღეროსა და ფესვების ქერქს ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ სოლიტერის წინააღმდეგ: 50 გ მზა ნედლეულს 15 წუთს ხარშავენ 0,5 ლ წყალში, რომელსაც ტანიდების არასასიამოვნო მოქმედების გასაუვნებლად წინასწარ ცოტა კირწყალს ურევენ; სვამენ 2-3 საათის განმავლობაში.