lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Rheumatoid arthritis
რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური ანთებითი დაავადებაა, რომელიც უპირატესად სახსრების დაზიანებით ვლინდება. პათოლოგიური პროცესი იწვევს სახსრების შესამჩნევ დეფორმაციას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მოშლას. რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და განვითარების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. სავარაუდოა, მასში მონაწილეობდეს ინფექციები, აუტოიმუნური დარღვევები და გენეტიკური ფაქტორები. სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფი დაავადების დაწყებას უკავშირებს მაპროვოცირებელ ფაქტორებს, მათ შორის - ინფექციას (უმთავრესად - რესპირაციულს), ტრავმას, ფსიქონერვულ მოშლილობას, მშობიარობას, აბორტს, კლიმაქსს. დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე მოსალოდნელია უგუნებობა, წონის კლება, ოფლიანობა, ტემპერატურის მატება 37-38 გრადუსამდე, სახსრების ტკივილი, დილაობით - შებოჭილობა (რომელიც აქტიური მოძრაობის შემდეგ გაივლის), ანემია და სხვა. რევმატოიდული ართრიტის მთავარი ნიშანია სახსრების დაზიანება, რომელიც რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა, მაგალითად, მრავალრიცხოვანი დაზიანებით (პათოლოგიურ პროცესში პრაქტიკულად ყველა სახსარი შეიძლება ჩაერთოს), სიმეტრიულობით, პროგრესირებადი მიმდინარეობითა და რეციდივებისკენ მიდრეკილებით. დაავადება იწყება მტევნებისა და ტერფების წვრილი სახსრებიდან. ახასიათებს ტკივილი ღამის მეორე ნახევარში, შესივება და მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა. დაავადების დასაწყისში მტევნის თითები თითისტარივით მსხვილდება და მოლურჯო ფერს იღებს. წვრილი სახსრების ანთებასთან ერთად ზიანდება მომხრელი მყესები და ვითარდება კონტრაქტურა (სახსრის მოძრაობის შეზღუდვა). სახსრების მყესების, იოგების და კუნთების დაზიანების შედეგად მტევანი განიცდის დეფორმაციას და მან შეიძლება სხვადასხვა ფორმაც კი მიიღოს: სელაპის ფარფლისებრი, გედის კისრისებრი და სხვა. ეს რევმატოიდული ართრიტის უტყუარი ნიშანია. მტევნისა და ტერფების წვრილი სახსრების სიმეტრიული დაზიანება რევმატოიდული ართრიტის ადრეული სტადიის გამოვლინებაა, თუმცა პროცესი შეიძლება სხვა სახსრის დაზიანებითაც დაიწყოს. მაგალითად, მუხლის სახსრის დაზიანებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ პათოლოგიური პროცესი შეიძლება გავრცელდეს ყველა სახსარზე - სხივ-მაჯის, იდაყვის, მხრის, კოჭ-წვივის, მენჯ-ბარძაყის. შედარებით იშვიათად ზიანდება საფეთქელ-ქვედა ყბის, მკერდ-ლავიწის და გავა-თეძოს შესახსრებები.