lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Rhus Coriaria L
თუთუბოსებრთა ოჯახში შედის. თუუთუბო ბუჩქი ან დაბალი, 8 მეტრამდე სიმაღლის ხეა, დიდი კენტფრთართული ფოთლებით. მოყვანილობით კვერცხისებრი და ნაპირებში მსხვილად დაკბილული ფოთოლაკების რიცხვი თითოეულ ფოთოლში 9-17 ცალის ფარგლებში მერყეობს, რომელიც ზემოდან უფრო მწვანე, ქვემოდან კი მკრთალი და ძარღვებშებუსვილია. ფოთლის მთავარი ღერძი ბეწვიანია და ფოთოლაკების მიმაგრების ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე სუსტად გამოსახული ფრთები ჩასდევს. თუთუბო ერთბინიანია, მაგრამ ყვავილები სქესგაყოფილ აღმამდგომ საგველა ყვავილედებშია შეკრებილი. მამრობითი ყვავილები 5 მტვრიანია განუვითარებელი ნასკვით, მდედრობითი - ერთი ბუტკოთი, რომელსაც სამად გაყოფილი დინგი აქვს, 5 განუვითარებელი მტვრიანათი. კურკიანა ნაყოფები წვრილია, მობრტყო, მრგვალი ან თირკმლისებრი, მუქი მოწითალო გარედან ხორცოვანი გარსით შემოხვეული, რომელიც თავის მხრივ ხშირი ჯირკვოვანი ბუსუსებით სქლადაა მოფენილი. ყვავის ივნის-ივლისში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. ნაყოფი მსხმოიარობს უხვად, თითოეულ თანაყვავილედში 200-300 (500-მდე) ნაყოფი ვითარდება. მოზრდილ ბუჩქზე 70-დან 150-მდე მდედრობითი თანაყვავილედია. ამრიგად ერთი ბუჩქის პროდუქტიულობამ შესაძლოა 50 ათასი თესლი შეადგინოს. ძალიან გვალვაგამძლე და კირისმოყვარული (კალცოფილი) ამავე დროს საკმაოდ ყინვაგამძლეცაა, იტანს -20 გრადუს ტემპერატურას, -25 გრადუს ტემპერატურაზე მიწისზედა ნაწილები იყინება, მაგრამ მისწისქვედა ნაწილები უვნებლად რჩება და კვლავ ამოიყრის ხოლმე. თუთუბოს ფოთლები მნიშვნელოვანი ნედლეულია მთრიმლავი ექსტრაქტებისა და ტექნიკური და სამედიცინო ტანინის მისაღებად (33 პროცენტამდე ტანინებს შეიცავს). მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარია აგრეთვე ახალგაზრდა ტოტები და ღეროს ქერქი, რომელთაც ცხვრის, თხისა და ხბოს ტყავების გასათრიმლავად ხმარობენ. თრიმლით ღებავენ მატყლსა და ხალიჩებს. ფოთლებით შავად იღებება, ღეროს ქერქით - ყვითლად, ფესვის ქერქით - ყავისფრად, ნაყოფებით - წითლად. ნაყოფი მდიდარია ღვინის მჟავით, რის გამოც მჟავე გემო აქვს. მის ფხვნილსა და მოუმწიფებელი ნაყოფის მარინადს ცხარე საკაზმად იყენებენ ხორცისა და თევზის კერძებისათვის (მწვადი, ლულა-ქაბაბი და სხვა). გარდა ამისა, თუთუბო ეროზიის საწინააღმდეგო ნარგაობის შესანიშნავი კომპონენტია, კერძოდ იგი ძვირფასია ხევებისა და ხრამების გასამაგრებლად. მედიცინაში თუთუბოს ფოთლებისაგან მიღებული ტანინი გამოიყენება დამწვრობის, წყლულების, ჩირქოვანი ჭრილობების, ქრონიკული ეგზემის სამკურნალოდ, აგრეთვე პირის ღრუში გამოსავლებად ანთებითი პროცესების დროს. დასალევად ხმარობენ სისხლდენის, ფაღარათიანობის, კოლიტის დროს. აგრეთვე - კუჭის ამოსარეცხად ალკალოიდებით და მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლისას. თერაპიული მოქმედება აიხსნება მისი ანთების საწინააღმდეგო, კერატოპლასტიკური და მადეზინფიცირებელი თვისებებით.