lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Salix Caprea L
ტირიფისებრთა ოჯახში შედის. მდგნალი საქართველოს სხვადასხვა მხარეში ნაირგვარი სახელწოდებითაა ცნობილი. კახურად - ბატიჭუკა, მთიულურად და ხევსურულად დგნალი და დგნარი, ფშავურად - ფოხვი, აჭარულად - ციცალა, რაჭულად - ძენწნა, მეგრულად - ტუჯვარი, სვანურად - ბაგვრა და სხვა. მდგნალი 15 მეტრამდე სიმაღლის ხეა ან მაღალი ბუჩქი. სუსტად შებუსვილი ყლორტები მომწვანო-მონაცრისფროკანიანია. უფრო ხანდაზმული ტოტების ქერქი მურა ან რუხი ფერისაა. კვერცხისებრი ან ელიფსური, 11-12 სმ სიგრძისა და 5-8 სმ სიგანის, კიდეებდაკბილული, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან ბუსუსიანი და ნაცრისფერი, წვერმობრეცილი, თირკმლისებრი წყვილი ფოთოლთანით, ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. მდგნალი ერთბინიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით, რომელნიც მჭადა თანაყვავილედებადაა შეკრებილი. მამრობითი მჭადა მჯდომარეა, ძირში პატარა ფოთლებით, მოხაზულობით კვერცხისებრი, 4 სმ-დე სიგრძისა და 2 სმ-დე დიამეტრის. მდედრობითი მჭადა ცილინდრულია 2 სმ-დე სიგრძის, მოკლე ყუნწით, რომლის ძირშიც ყვავილიანი ქერქლებია განვითარებული. მამრობითი მჭადა ყვითელია, მდედრობითი კი მოთეთრო. ადრე მოყვავილე მცენარეა. ყვავის ფოთლების გაშლამდე მარტ-აპრილში. ახასიათებს ძალიან უხვი თესლმსხმოიარობა. თესლი მაისში მწიფდება. მრავლდება თესლით და ძირკვები უხვ ამონაყარს იძლევა. მდგნალს მოწითალოგულიანი მერქანი ახასიათებს, მოთეთრო ცილით. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ მდგნალის რბილი და მსუბუქი, გულიანი მერქანი ლპობისადმი დიდი წინაღობის თვისებით გამოირჩევა. ეს თვისება ხალხმა ძალიან კარგად იცის. ამიტომაა, რომ რაჭაში, აჭარაში, ზემო ქართლსა და ბევრ სხვა მხარეში მოსახლეობა დიდ უპირატესობას აძლევს მდგნალის ბოძებსა და ჭიგოებს. მდგნალის ბოძის მიწაში ჩაფლული ნაწილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაშიაც კი არ ლპება.