ენაბორძიკობა არის მეტყველების დარღვევა, რომელიც ვლინდება ცალკეული ბგერების, მარცვლების ან მთელი სიტყვის უნებლიე გამეორებით, ბგერების არაბუნებრივი გაწელვით და/ან მეტყველებისას დაუგეგმავი პაუზებით - ე.წ. სიჩუმის ბლოკებით, რომელთა დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს ბგერის წარმოთქმას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენაბორძიკობა მეტყველების რიტმისა და თანმიმდევრობის დარღვევაა, რომელიც ართულებს მეტყველებით ურთიერთობას. ენის ბორძიკს თითქმის ყოველთვის სდევს თან დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ. ჯანმრთელი ადამიანი საუბრის 7-10%-ს შესვენებებით ახორციელებს - იმეორებს ცალკეულ სიტყვებს ან ფრაზებს, ურთავს ბგერებს "ე-ე", "მ-მ", შორისდებულებს, - მაგრამ თუ საუბრისას შესვენებამ 10%-ზე მეტი შეადგინა, საქმე ენაბორძიკობასთან გვაქვს. ენაბორძიკობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების 2,5%-ს ახასიათებს. მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ს ბავშვობაში მცირე ხანს მაინც ჰქონია ეს პრობლემა. ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს ენა ებმის, აქედან 80% მამაკაცია, 20% - ქალი. |