lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Torticollis
კისერმრუდობა კისრის დეფორმაციაა. ამ დროს თავი დახრილია ცალ  მხარეს და ოდნავ უკან არის მიბრუნებული. კისერმრუდობა უმეტესად ცალმხრივია. ორმხრივი ფორმა იშვიათია. დაავადების განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს ძვლების, რბილი ქსოვილების, სისხლძარღვებისა და ნერვების ნორმალური მდგომარეობის დარღვევა. კისერმრუდობა შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილ კუნთოვან კისერმრუდობას სიხშირით მესამე ადგილი უკავია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილ დაავადებებს შორის. ის უმეტესად გოგონებს აღენიშნებათ და, წესისამებრ, მარჯვენამხრივია. თანდაყოლილი კისერმრუდობის მიზეზი ყველაზე ხშირად მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის პათოლოგიაა. ეს კუნთი კისრის ორივე მხარეს მდებარეობს. ზემოდან იგი ემაგრება დვრილისებრ წანაზარდს, რომელიც მდებარეობს ყურის უკან და ქვემოთ, ქვემოდან კი - ლავიწს. მისი ფუნქცია თავის დახრა და ბრუნებაა. თანდაყოლილი კისერმრუდობის დროს, სავარაუდოდ, ერთმანეთს ერწყმის მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთების განვითარების მანკი და მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა. ტრავმას თან სდევს კუნთში სისხლჩაქცევა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ნაწიბური და კუნთი მოკლდება. დაბადებისთანავე კისერმრუდობა ბავშვების დაახლოებით 1%-ს უვლინდება. ზოგიერთ ახალშობილს ეტყობა მხოლოდ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის გასქელება ცალ მხარეს ან სახის ასიმეტრია. მოგვიანებით დაავადებულ მხარეს კუნთი ზრდაში ჩამორჩენას იწყებს, ხოლო სიცოცხლის მესამე კვირას უკვე შესამჩნევია თავის დახრა დაავადებულ მხარეს და სახის ჯანმრთელ მხარეს მიბრუნება. თუ კისერმრუდობას დროულად არ ვუმკურნალეთ, სახის ასიმეტრია გაძლიერდება, ხერხემალი კისრის მიდამოში გამრუდდება და შესაძლოა, შესამჩნევი გახდეს განსხვავება ყურების ნიჟარების ზომასა და ფორმას შორის. ნებაზე მიშვებული კისერმრუდობა 6-7 წლის ასაკში უკვე მკვეთრად არის გამოხატული: ბავშვს თავი მობრუნებული აქვს, მხრები - აწეული, სახე, ყბები და ხერხემლის კისრის ნაწილი - ასიმეტიული, თვალი და წარბი დავადებულ მხარეს უფრო დაბლა მდებარეობს, ირღვევა ხახის განვითარება, იზრდება დვრილისებრი მორჩი, რომელზეც მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთია მიმაგრებული. შესაძლოა, შეიცვალოს სასმენი მილის მიმართულება. ორმხრივი კისერმრუდობის დროს დაავადებულს თავი უკან აქვს გადაწეული (თუმცა არის წინ დახრის შემთხვევებიც) და მიბრუნება-მობრუნება უჭირს.