ეზოფაგიტი საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს, მიზეზის კვალობაზე - ალიმენტურს (იწვევს მეტისმეტად ცხელი ან ცივი, უხეში საკვების, ალკოჰოლის მიღება), პროფესიულს (მჟავას, ტუტეს ან მძიმე მეტალის ორთქლის ჩასუნთქვის შედეგია), შეგუბებითს (იწვევს საყლაპავში საკვების დიდხანს გაჩერება დივერტიკულის, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის, სტენოზის, კარდიის აქალაზიის შემთხვევაში), ალერგიულს (ხშირია ბავშვებში საკვებისმიერი ალერგიის დროს, მოზარდებში ბრონქული ასთმის დროს), დისმეტაბოლურს (ვითარდება პოლიჰიპოვიტამინოზის, რკინის დეფიციტის, კანის დიდი ფართობის დამწვრობის, პორტული ჰიპერტენზიის ფონზე), პეპტიურს და რეფლუქს-ეზოფაგიტს (განაპირობებს კუჭის წვენის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის განუწყვეტელი უკუგადმოსროლა). თითქმის ყოველგვარი ეზოფაგიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ირადიაცია ზურგისა და ზედა კიდურებისკენ. ეს შეგრძნება ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს და ძლიერდება საკვების მიღებისას. დამახასიათებელია ტკივილის კავშირი ჭამასთან და დისფაგია. რეფლუქს-ეზოფაგიტის (გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადების) განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის დისფუნქცია, იშვიათად - დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. საყლაპავის მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევას თან სდევს კუჭიდან გადმოსროლილი მჟავე მასის შეკავება და ხანგრძლივი კონტაქტი საყლაპავის ლორწოვანთან, რაც განაპირობებს კიდეც რეფლუქს-ეზოფაგიტის განვითარებას. მას ახასიათებს: ჭამასთან დაკავშირებული გულძმარვა, რომელიც წოლისას, დახრისას და ფიზიკური დატვირთვისას ძლიერდება; წამოღებინება მჟავე ან ნაღვლის შემცველი შიგთავსით; დისფაგია, რომელიც მცირდება ანტაციდების ან ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღების შემდეგ; ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც სტენოკარდიისგან დიფერენცირებას მოითხოვს; ღამის ხველა ან ასთმის შეტევები, რომელთა კუპირება ანტირეფლექსური თერაპიით შეიძლება. |