თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ანთებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთება და ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული აუტოიმუნური ანთება. ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთების მიზეზად მიჩნეულია ვირუსული ინფექცია (ყბაყურას ვირუსი, ადენოვირუსები და სხვა). ქვემწვავე თირეოიდიტის კლინიკური სურათი ინფექციური დაავადების გადატანიდან ორი კვირის შემდეგ ყალიბდება. ქვემწვავე თირეოიდიტს ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება და ანთებითი რეაქცია. პროცესში ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კაფსულაც, რაც დაზიანებული მიდამოს მტკივნეულობას განაპირობებს. დაავადება იწყება სწრაფად, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მატებით, ტკივილით კისრის წინა ნაწილში - იქ, სადაც ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. ტკივილი ხშირად გადაეცემა ყურების, ყბებისა და კეფისკენ. დამახასიათებელია ჩიყვის გაჩენა მტკივნეული წარმონაქმნის სახით. ყლაპვა ხშირად გაძნელებულია. ძლიერი საერთო სისუსტისა და შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითების გამო ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ედს-ის მომატებას, თუმცა, სხვა სახის ანთებითი პროცესებისგან განსხვავებით, ლეიკოციტების ოდენობა საგრძნობლად არ არის შეცვლილი. განასხვავებენ ქვემწვავე თირეოიდიტის რამდენიმე ფორმას, რომელთა დროს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები სხვადასხვა სიმძიმით არის გამოხატული. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში დაავადება ტალღისებურ ხასიათს იძენს - პერიოდულ გამწვავებას მეტ-ნაკლები ხანგრძლივობის მშვიდი პერიოდები ცვლის. მკურნალობის მეთოდებს შორის ყველაზე ეფექტურია თერაპია გლუკოკორტიკოიდული პრეპარატებით: პრედნიზოლონით, დექსამეტაზონით და სხვა. დოზებს ექიმი ინდივიდუალურად ადგენს. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომ მდგომარეობა მკურნალობის პირველსავე დღეებში უმჯობესდება და თითქმის ყველა შემაწუხებელი მოვლენა ქრება, მაგრამ თერაპია უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ედს-ის მაჩვენებელი ნორმას არ დაუბრუნდება, ამისთვის კი, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირაა საჭირო. ედს-ის ნორმალიზების შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მედიკამენტთა დოზების შემცირების შესახებ, თან პერიოდულად აკონტროლებს სისხლს, რათა არ გამოეპაროს დაავადების გამწვავება, რომლის ერთ-ერთი მაჩვენებელიც ედს-ის მატებაა. გამწვავების შემთხვევაში მკურნალობა თავიდან უნდა დაიწყოს, ხოლო მედიკამენტთა დოზების შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდეს. |