ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკისა და სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაფართოებაა. ის ყველა ასაკში გვხვდება, მაგრამ უპირატესად 14-15 წლის მოზარდებს შორის არის გავრცელებული. ვარიკოცელე აღმოცენდება სათესლის ვენებში წნევის მატების გამო, რაც მათი განლაგების ანატომიურ თავისებურებებს უკავშირდება. დაავადება, მარცხენა სათესლე ჯირკვალში ვენის თავისებური შესვლის გამო, უმეტესად მარცხნივ ვითარდება. ვარიკოცელეს კიდევ ერთი მიზეზია ვენის მიჭყლეტა მეზობელი ორგანოების სიმსივნური წარმონაქმნით (უმეტესად - მისი თირკმლის ვენაში შესვლის ადგილას) ან თირკმლის ვენის თრომბოზის გამო. ვარიკოცელეს განვითარების რისკფაქტორებია ხანგრძლივი, ინტენსიური ფიზიკური გადაღლა და დაავადებები, რომელთა დროსაც იმატებს მუცელშიგა წნევა. |