lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Eucalyptus globulus Labill
ევკალიპტი მარადმწვანე ხეა, მირტისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-70 მ, ძლიერი ფესვთა სისტემით და სწორი ტანით. ქერქი ხის ტანსა და ღერებზე გლუვია, მონაცრისფრო-თეთრი, ღეროს წვერებისაკენ მოცისფრო ელფერით. გარე კანი ექერქება. ძველი ქერქის ნარჩენები ყოველთვის შეიძლება შეამჩნიოთ ტანის ზემო ნაწილზე, როკებს შორის, ტოტებზე. ყლორტები ოთხკუთხაა, წახნაგოვანი. ყლორტები, ისევე როგორც ფოთლები, დაფარულია ცვილისებრი, მომწვანო-მონაცრისფრო ნაფიფქით. ევკალიპტის ახალგაზრდა ტოტების ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, უყუნწოა ან მოკლეყუნწიანი, კვერცხისებური ან მოგრძო-კვერცხისებური ფორმის, ფოთლის ძირთან გულისებრი მონაკვეთით, წვეროსაკენ წამახვილებული, თხელი და მკვრივი. მონაცრისფრო-მწვანე, მოცისფრო ელფერით. სიგრძით - 7-16 სმ, სიგანით 1-9 მ. ძველი ტოტების ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი მზის მიმართ წახნაგითაა განლაგებული, წაგრძელებულ-ლანცეტისებრი. იშვიათად ფართო-ლანცეტისებრი, უმეტესად ნამგალივით მოღუნული ფორმის. სქელი, ტყავისებრი, მონაცრისფრო-მწვანე, სიგრძით 10-30 სმ, სიგანით 3-4 სმ. კოკორი კონუსურია, ოთხწახნაგოვანი, ბორცვაკიანი, სიგრძით 2-3 სმ. ყვავილსაჯდომი მოკლეა, ან თითქმის მჯდომარე, მარტოული ყვავილებით, რომლებიც ფოთლის უბეებშია განლაგებული. ნაყოფი მიჭყლეტილ-სფეროსებრი, მეჭეჭიანი კოლოფია სიგრძით 10-15 მმ. ევკალიპტი ყვავილობს შემოდგომით 3-5 წლის ასაკში, ნაყოფი მწიფდება ყვავილობიდან 1,5-2 წლის შემდეგ. ევკალიპტი გავრცელებულია აჭარისა და აფხაზეთის ზღვისპირა რაიონებში, ნედლეულად ამზადებენ ევკალიპტის ფოთლებს და ერთ ან სამწლიან ყლორტებს. აშრობენ ჩრდილში, სტელაჟებზე, 10 სმ სისქეზე გაფენილს, კარგი ვენტილაციის პირობებში, ხშირად აბრუნებენ. ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს 1%-ზე მეტ ეთერზეთს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ცინეოლი. ასევე შედის მის შემადგენლობაში სათრიმლავი ნივთიერებები. ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ახალი ინფექციური ჭრილობების, ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლებისაგან  დამზადებული პრეპარატები იხმარება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონის, ტროფიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს. ფოთლებისაგან ნახარშის მოსამზადებლად 10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. იხმარება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად. აღნიშნული კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება აგრეთვე ფლეგმონების, ასცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ხმარობენ, აგრეთვე, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს ინგალაციისათვის. ევკალიპტის ზეთი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში სავლებად და ინჰალაციისათვის. ხალხურ მედიცინაში ევკალიპტს ხმარობენ როგორც ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებას, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს. ამისათვის 1 სუფრის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში თითო ღვინის ჭიქა ჭამის წინ.