lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Evonymus Verrucosa Scop
ჭანჭყატისებრთა ოჯახში შედის. ორ მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია მოშაო-მონაცრისფერი მეჭეჭებით უხვად მოფენილი ყლორტებით. მოკლეყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი. კიდეებხერხკბილა, 15-20 მმ სიგრძისა და 5-8 მმ სიგანის ფოთლები ტოტებზე ერთიმეორის მოპირისპირედაა განლაგებული. მომწვანო-მურა ან მოყავისფრო-მოწითალო პატარა ყვავილები 3-9 ცალი ერთად შეკრებილია ნახევრად ქოლგისებრ თანაყვავილედში. ნაყოფი ოთხბუდიანი ბლაგვწიბოებიანი, უფრო მომწიფებისას მოვარდისფრო კოლოფაა. თითოეულ ბუდეში 1-2 კრიალა შავი ფერის, ნახევრამდე წითელი ფერის საბურველშემოხვეული, კვერცხისებრი თესლი ზის. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. თესლი 1-1,5 წელიწადში ღვივდება. ნელმზარდი ბუჩქია. კულტურაში 4 წლის, ბუნებაში კი 8-11 წლის ასაკში იწყებს მსხმოიარობას. უხვი თესლმსხმოიარობა 2-3 წელიწადში ერთხელ მეორდება, მცირე მოსავალს კი ყოველწლიურად იძლევა. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით და ძირკვის ამონაყრით. ფართოდ გავრცელებული ბუჩქია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებში ქვეტყის სახით. კარგად იტანს დაჩრდილვას. უფრო ხშირად გვხვდება ბარისა და მთის შუა სარტყლის ტყეებში ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლემდე. ფესვების ქერქი 8-10 პროცენტ, ზოგჯერ კი 35 პროცენტამდე გუტაპერჩს შეიცავს. სწორედ ამის წყალობით არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მნიშვნელოვან ნედლეულს წარმოადგენდა ამ ტექნიკური პროდუქტის მრეწველობისათვის. ფესვები დიდი რაოდენობით მზადდებოდა ბუნებაში და სპეციალური პლანტაციებიც იყო გაშენებული გუტაპერჩის ნედლეულის უფრო დიდი რაოდენობით დამზადებისათვის. ერთი ჰექტრიდან 0,44-4,3 კგ ხმელ ქერქს აგროვებდნენ, გუტაპერჩს ჭანჭყატის ღეროს ქერქი და ფოთლებიც შეიცავს. ქერქის დამზადებისას მერქანსაც იყენებდნენ მაქოების, მუსიკალური ხელსაწყოების, საქსოვი ჩხირების, სავარცხლების და სხვა წვრილმანი ნაკეთობებისათვის. ნაყოფების ბუდეებისაგან მიიღება ყვითელი და ყავისფერი საღებავები. მრეწველობისათვის გუტაპერჩის წყაროს წარმოადგენდა აგრეთვე კიდობანა Evonymis europea L. რომლის თესლიდან გამოყოფილია საგულე საშუალებად გამოყენებული გლიკოზიდები. წინათ კიდობანას ნაყოფის ფხვნილით ხოცავდნენ სახლის ბუზებსა და მწერებს, მკურნალობდნენ მუნს (ბღერს).