lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Sanicula Europea L
ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლიანი ტიპიური ტყის მცენარეა. იგი მხოლოდ ტყეებსა და ტყისპირებში იზრდება. სწორმდგომი ღერო 30-80 სმ სიმაღლისაა. ღეროს ძირში შეჯგუფული სამ-ხუთად გაყოფილი ფოთლების ფორმა მომრგვალო გარემოხაზულობისაა. თითოეული სეგმენტი სამნაკვთიანია, ფოთლის ნაპირები კი დაკბილულია. ღეროზე განლაგებული ფოთლები დაკნინებულია, ზოგჯერაც ღერო სავსებით უფოთლოა, ყვავის მაის-ივნისში 3-5 სხივიანი, ქოლგებად შეკრებილი თეთრი ყვავილებით. მრავალრიცხოვანი კაუჭებით დაფარული ნაყოფები ტანსაცმელს და საქონლის ბეწვს ადვილად ედება და ამ გზით შორ მანძილზე ვრცელდება. გვხვდება უმთავრესად ნაძვნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში, წიფლნარებში, ჩრდილოეთისაკენ მიმართულ ფერდობებზე, დასახლებულ ფიჭვნარებსა და ფიჭვნარ-ნაძვნარებში., აგრეთვე მუხნარებშიც. კარგად ეგუება ტუტე რეაქციის ნიადაგებს. ამიტომ ასეთი ნიადაგების ინდიკატორად ითვლება. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის ტიპების დადგენისათვის. ქრისტესბეჭედას ფოთლებს მალამოსა და მონახარშის სველი საფენების სახით ხალხი დუდკოს (საწერელის, გარცმულას) სამკურნალოდ იყენებს. წყალზე ნაყენი ხველების, ხოლო ფხვნილი კი ჭრილობებზე დასაყრელ სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ქრისტესბეჭედას ნორჩ ყლორტებს ყვავილიანად გაზაფხულ-ზაფხულზე აგროვებენ. ჭრიან წვრილად და ახმობენ ჩრდილში. ხმელი მცენარისაგან ადვილად მზადდება ფხვნილი. ხალხში იგი პოპულარულია ფილტვებიდან სისხლღებინების დროს. გარდა ამისა ფოთლები ე.წ. შვეიცარული ჩაის მნიშვნელოვანი კომპონენტია.