lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Leonurus cardiaca
შავბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან, 50-150 სმ სიმაღლის გამერქნებული ვერტიკალური ფესურით. კახეთში მას ნაწყენის ბალახს ეძახიან. ღეროები სწორადგმდგომია, ზედა ნაწილში დატოტვილი, მწვანე ან მოწითალო-იისფერი, ოთხწახნაგოვანი და ღრუა. ფოთლები ყუნწიანია, მოპირისპირე, ღეროს წვერში პატარა ზომისაა. ზემოთ მუქი ან ღია მწვანე ფერისაა, ქვემოთ ნაცრისფერი. ყვავილები წვრილია, ვარდისფერი, ღეროს ბოლოზე ქმნიან თავთავისებრ ყვავილედს. ყვავილები ფოთლების უბეში რგოლებადაა შეჯგუფული. ნაყოფში სამწახნაგოვანი ოთხი თესლია მოთავსებული. შავბალახა ყვავილობას იწყებს ივნის-ივისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. შავბალახა სარეველა ბალახია. იგი გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში, იზრდება ბაღ-ვენახების, ყანების, ტყის, გზის პირებში, ეზოებსა, ღობის ძირებში, ნაგვიან ადგილებზე. საქონელი მას არ ძოვს. ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში. ღეროების წვერებს და გვერდით ყლორტებს ყვავილებითა და ფოთლებით ჭრიან დანით ან სეკატორით. უმჯობესია შეგროვება მშრალ ამინდში, ნამის შეშრობის შემდეგ, აშრობენ ჩრდილში, ფარდულში, სხვენზე კარგი ვენტილაციის პირობებში, გაშლილს ქაღალდზე ან ქსოვილზე თხელ ფენად, პერიოდულად აბრუნებენ. გამხმარი ბალახის შენახვის ვადა 3 წელია. შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მინერალურ მარილებს და სხვა. შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მისი მოქმედება 4-ჯერ აღემატება კატაბალახას მოქმედებას. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობის და შიშების დროს. შავბალახას ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1-2 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს ასხამენ 250 გრ წყალს, ადუღებენ სანამ 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. სვამენ 2 სუფრის კოვზის დღეში რამდენჯერმე ან ნახევარ ჭიქას დღეში 2-ჯერ. ბულგარულ ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზებისათვის, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად.ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდგენაირ ნაყენებს: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე, დადგით 2 სთ-ით. ასეთი სახით მომზადებული ნაყენი მიიღეთ ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნედლი ბალახის წვენს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას (30-40 წვეთი რამდენიმეჯერ დღეში.)