lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Daphne Mezereum L
მაჯაღვერისებრთა ოჯახში შედის. ერთ მეტრამდე სიმაღლის ელასტიური ღერო-ტოტებიანი, მოყვითალო ნაცრისფერქერქიანი, მუქწერტილებიანი ბუჩქია. წაგრძელებული ლანცეტა ფორმის, ბლაგვი ან ბოლოწვეტიანი, ზედა მხრიდან მბრწყინავი, ქვემოდან ბაცი ფოთლები უმეტესწილად ტოტების ბოლოებზე მორიგეობითაა განლაგებული. მოვარდისფრო-სურნელოვანი ორსქესიანი ყვავილები, 3-5 ცალიან ჯგუფებად ზის ტოტების ქვედა შეუფოთლავ ნაწილში. ნაყოფი მომრგვალო კვერცხისებრი, ერთთესლიანი, წითელი, წვნიანი და კურკიანია. მაჯაღვერის ყველა სახეობის ნედლ ქერქსა და მერქანს არასასიამოვნო სპეციფიური სუნი ახასიათებს, დიდი ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა, გვხვდება დარიდან დაწყებული სუბალპური ტყეების ჩათვლით. მთელი მცენარე, განსაკუთრებით კი ნაყოფები მწვავე შხამიან წვენს შეიცავს. იშვიათად, მაგრამ მშობლების მხრივ გაუფრთხილებლობის გამო არის ბავშვების მოწამვლის შემთხვევები მაჯაღვერის ნაყოფების შეჭმის შედეგად. მაჯაღვერის ქერქის ხელზე ხანგრძლივი შეხებისას კანის დასუსხვა და ბუშტუკების დაყრა ხდება. მაჯაღვერის ყველა ნაწილებში ნაპოვნია მუქი-მოყვითალო ფისი მეზერინი. გარდა ამისა, ქერქი შეიცავს გლიკოზიდ დაფნინს, კუმარინს (უმბელიფერონი), გუმფისს, საღებავ ნივთიერებებს. ნაყოფი შეიცავს ცხიმებსა და ეთერზეთს, დაფნინისმაგვარ ნივთიერებას, ცილოვან და საღებავ ნივთიერებებსა და სხვ. ჰომეოპათიურ და ხალხურ მედიცინაში მაჯაღვერი გამოიყენება, როგორც კანის გაღიზიანების და დაჩირქების საწინააღმდეგო საშუალება, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ნევრალგიის, სიმსივნის, ჩირქგროვების, სიყვითლისა და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგოდ. ზოგჯერ მწიფე ახლად შეგროვილ ან გამხმარ ნაყოფს დღეში თითო ცალს იღებენ უმადობის, დაღლილობის, ათეროსკლეროზის, ხოლო ქერქის ნაყენს კი კუჭის დაავადებების დროს. ამ მცენარეს იყენებენ აგრეთვე ფაღარათიანობის და ციებ-ცხელების, ხველის და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე სიყვითლის და დიზენტერიის სამკურნალოდ. ნაყოფს იყენებენ აგრეთვე თრომბოფლებიტის ზოგი ფორმის მკურნალობისათვის, ძაღლებში პარაზიტი ჭიების დასაყრელად ნაყოფები გამოიყენება, ხოლო ნაყოფებისა და ქერქის ნაყენი გამოიყენება, როგორც ინსექტიციდური (მწერების საწინააღმდეგო) საშუალება, ქერქს საღებავადაც იყენებენ. ძლიერი ტოქსიკურობის გამო მაჯაღვერის პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის გამოწერითა და მისი ზედამხედველობითაა დასაშვები. გამხმარი ქერქის სპირტზე ნაყენს გარეგან შესაზელად ხმარობენ დამბლის დროს.