lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv
პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის. ცერცვეკალა 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა. ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით, ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს და წითელი მოვარდისფრო ყვავილები სწორედ მათზეა გაბნეული 3-8 ყვავილიან ჯგუფებად. კიდემთლიანი, წაგრძელებული, ლანცეტა ან ოვალური ფორმის მარტივი ფოთლები ძირითადად მორიგეობითაა განლაგებული და ნაყოფების დროს უკვე სცვივა. პარკები სწორია ან ნამგლისებრ მოხრილი 4-5 თესლით. ყვავილობა გახანგრძლივებულია თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში. იზრდება ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლემდე. უპირატესად მდინარეთა სანაპირო დაბლობებზე, მეჩხერ, ნათელ ტყეებში, მლაშე ნიადაგებზე. გვხვდება შუა ქართლში, ქიზიყში, გარე კახეთში, გარდაბანსა და ქვემო ქართლში. უაღრესად სიმშრალს ამტანი მცენარეა. ხანგრძლივი სიცხეების დროს, როცა ბევრი ბალახა მცენარე უკვე "ჩაიწვა", იგი თავისი ხასხასა მწვანე ფერით ამკობს მიდამოს. ცერცვეკალას მიწისზედა ნაწილები შეიცავს 0,17 პროცენტ ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს C და K აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ეთერზეთს, ფლაონურ გლიკოზიდებს, მღებავ და შაქროვან ნივთიერებებს, კაუჩუკს, ორგანულ მჟავებს, ფისსა და სხვა. ბალახის ნახარში აძლიერებს ნაღვლის დენას, გააჩნია შემკვრელი თვისება, გამოიყენება ჭვალის დროს, აგრეთვე გასტრიტის, კუჭის წყლულის მკურნალობში. ამცირებს ადამიანის ორგანიზმში სითხის დანაკარგს. ხალხურ მედიცინაში ცერვეკალას ფოთლის ნაყენს იღებენ ოფლდამდენ საშუალებად, ფესვებს კი ბუასილის და სისხლიანი ფაღარათიანობის სამკურნალოდ, საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.