lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Paliurus Spina
ხეჭრელისებრთა ოჯახის 1-4 მ სიმაღლის ხშირტოტებიანი და ეკლიანი ბუჩქი. ჩვილი ტოტები წვრილი ბუსუსებითაა შემოსილი, შემდეგ კი შიშველი. საკმაოდ ყუნწიანი არასიმეტრიულად კვერცხისებრი, და კიდედაკბილული, სამრკალძარღვიანი ფოთლები ყლორტებსა და ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ფოთლებით და ყლორტებით ძეძვი ძალიან ჰგავს უნაბს. ფოთლების ყუნწების ძირში წყვილწყვილი ან თითო მოკაუჭებული მაგარი ეკალი ზის. მცირე ზომის მოყვითალო ყვავილები ფოთლების იღლიებში მოკლე მტევნებადაა შეკრებილი. მოხაზულობით მომრგვალო ბადროსებრი, ტალღოვან მშრალფრთიანი ნაყოფი შუაში ორივე მხრიდან ამობურცული და გრძელყუნწიანია, რომელიც მომწიფებულ მდგომარეობაში მოჩალისფრო ან მოვარდისფროა. ძეძვი უფრო ხშირად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული ზღვის დონიდან უმეტეს ნაწილად 1200 მ სიმაღლემდე. დასავლეთ საქართველოში კი ზღვისპირეთის ქვიშნარებსა და მშრალ ქვიან ფერდობებზეა გავრცელებული. რაჭაში მცირე რაოდენობითაა აღწერილი სოფლების წესისა და კვაცხუთის მიდამოებში. შესანიშნავი ბუჩქია ცოცხალი ღობეებისათვის, საძოვრებზე კი მავნე მცენარებადაა მიჩნეული, რადგან მის რაყებში ცხვარი დიდი რაოდენობით მატყლს სტოვებს, გარდა ამისა მისი ეკლები მტანჯავ ტკივილებს აყენებს საქონელს. ძეძვის ფოთლები და ქერქი შემკვრელი თვისებისაა, ამიტომ ხალხურ მედიცინაში მათი ნახარში გამოიყენება კატარისა და კუჭაშლილობის დროს. ყვავილები დიდი რაოდენობით ნექტარს იძლევა და შესანიშნავ თაფლოვან მცენარედაა აღიარებული. ფოთლები 176 მგ% ვიტამინ C. შეიცავს. ნაყოფების ნახარში ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც კარგი ამოსახველებელი საშუალება. დადებით ეფექტს იღებენ ბრონქიალური ასთმის საწყის სტადიაში გამოყენებით. ნახარშის მოსამზადებლად ერთ ჩაის ჭიქა ნაყოფს 1 ლ წყალს ასხამენ, ნელი დუღილით 10-15 წუთს ხარშავენ. სვამენ თბილ მდგომარეობაში ღვინის ჭიქით ყლუპ-ყლუპობით დღეში სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.