lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
polygonum hydropiper
წალიკას, როგორც სამკურნალო მცენარეს, ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები იყენებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ მას შესწევს უნარი გაასუფთავოს იარა და დაშალოს სიმსივნეები. წალიკას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ძველ ჩინეთშიც, როგორც გარეგან გამაღიზიანებელს. ევროპაში მას საფენებად და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად ხმარობდნენ. ქართლ-კახეთში მას წყლის ინასა და ცხენის იანს ეძახიან, გურიაში - ულტამს, მესხეთში - დათვის ჩაღანდარს, იმერეთსა და რაჭაში - სალდას. წალიკა განეკუთვნება მატიტელასებრთა ოჯახს. იგი ერთწლიანი 70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, წვრილი ფესვებითა და დატოტვილი ღრუ, მწვანე, დამუხლული ღეროებით, რომლებიც ნიადაგში იდგამენ ფესვებს და შემოდგომისათვის ხშირად წითლდებიან. ფოთლები მორიგეობითია, წაგრძელებულ-ლანცეტისებრი, 3-10 სმ-ის სიგრძის, მთლიანკიდეებიანი, შიშველი, ძირში ღერომხვევი ხალთით, რომელიც წარმოქმნილია ორი ფოთოლაკის შეზრდის შედეგად. ხალთა მორუხო, ნაპირებში მოკლეწამწამებიანი, შიშველია. ყვავილები წვრილია, მომწვანო, ზევით ხშირად ვარდისფერია. ყვავილსაფარი ოქროსფრად დაწინწკლულია, რაც მასში ფისების არსებობაზე მიუთითებს, მაგრამ ეს წერტილები მხოლოდ ლუპის ქვეშ შეიმჩნევა. მტვრიანა - 6, იშვიათად - 8, ბუტკო 2-3 სვეტით. ყვავილები შეკრებილი თხელ თავთავისებრ ყვავილედებად, რომლებით თანდათან გადადიან შეფოთლილ ღეროში. ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. ნაყოფი მოთავსებულია ყვავილსაფარში. იგი ცალ მხარეს გამობურცულია ან სამწახნაგოვანია, აქვს მუქი რუხი ფერი. მცენარის ახალ ფოთოლს აქვს წიწაკასავით ცხარე გემო, რაც შრობის მერე იკარგება. წალიკა იზრდება მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, ჭაობიან ადგილებში, ტენიან მდელოებზე, ხშირად როგორც სარეველა მცენარე. მცენარეს კრეფენ ხელით, ზაფხულის ბოლოს, ყვავილობის პერიოდში, ხოლო დიდი რაოდენობით დამზადების დროს ხმარობენ ნამგალს. ნედლეულს ჭრიან მიწიდან 10-20 სმ-ის სიმაღლეზე. აშრობენ სწრაფად. შრობის დროს თხელ ფენად აწყობენ და ხშირად აბრუნებენ, ვინაიდან ხანგრძლივი დროით შრობის შემთხვევაში მცენარე შავდება. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია. ნედლეულის შემგროვებლებს ხშირად ეშლებათ სამკურნალო წალიკა სხვა სახეობის მატიტელებში, თუმცა მხოლოდ წალიკას აქვს ცხარე გემო და მხოლოდ მას აქვს ყვავილსაფარზე ოქროსფერი წერტილები;. შედარებით ადვილი გასარჩევია ბოსტნის წალიკა (Polygonum pericaria L.), რომელსაც ვარდისფერი ყვავილები და ფოთლებზე მუქი სისხლისფერი ლაქები აქვს. შესაძლებელია ნედლეულს შეყვეს რბილი წალიკა, რომელსაც თხელი, თავდახრილი თავთავი აქვს (როგორც წალიკას), მაგრამ არ აქვს ყვავილსაფარზე წერტილები, რომლებიც მხოლოდ ლუპის ქვეშ შეიმჩნევა. ხალთა კი დაფარულია ხაოიანი ბეწვებით. სხვა მსგავსი სახეობებისაგან განსასხვავებლად საჭიროა ყვავილსაფარზე დაკვირვება. წალიკაში აღმოჩენილია გლიკოზიდი პოლიგოგიპერინი, დიდი რაოდენობით ვიტამინი K, რომელსაც აქვს სისხლის შედედების უნარი შინაგანი სისხლის დენის დროს. ნაპოვნია აგრეთვე ფლავონური გლიკოზიდი რუტინი (რუტინს აქვს ვიტამინ P-ს თვისებები) და სათრიმლავი ნივთიერებები. წალიკას პრეპარატებს იყენებენ საშვილოსნოდან სისხლის დენის, მტკივნეული მენსტრუაციის დროს. მისი ექსტრაქტების გამოყენება შეიძლება აგრეთვე სისხლის ამოხველების, შარდის ბუშტიდან, კუჭიდან და ჰემოროიდალური სისხლის დენის დროს. წალიკა ისევე მოქმედებს როგორც მატიტელა, მაგრამ მისი შედეგები ვლინდება უფრო ნელა და ამასთან აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებაც. წალიკას გამოყენება დაუშვებელია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების დროს. წალიკას ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გრ (1-2 სუფრის კოვზი) ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ, როგორც სისხლის დენის შემაჩერებელი საშუალება. წყალში გახსნილ წალიკას წვენს ხმარობენ პირის ღრუში გამოსავლებად პაროდონტოზის დროს. თავის ტკივილის დროს თითებში კარგად დასრესილ ბალახს იდებენ უკან, კეფაზე, მდოგვის ნაცვლად. ბუასილის დროს სვამენ წალიკას ნაყენს ან იკეთებენ აბაზანებს.