lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Ascitis
ასციტი (მუცლის წყალმანკი) მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას ნიშნავს. ის ყველაზე ხშირად ვითარდება ღვიძლის ციროზის დროს პორტული ჰიპერტენზიის შედეგად, ასევე გულის უკმარისობის, კარის ვენის თრომბოზის ან მის ტოტზე სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლისას. ასციტის შედარებით იშვიათ მიზეზებს მიეკუთვნება მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება (კიბო, ტუბერკულოზი და სხვა), გულმკერდის არეში ლიმფის მიმოქცევის დარღვევა, თირკმლის დაავადებები. აღსანიშნავია, რომ ასციტი ალიმენტური დისფუნქციის დროს ზოგადი შეშუპების სინდრომის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ჩვილებში ის შეიძლება იყოს ნაყოფის ან ახალშობილის ჰემოლიზური დაავადების გამოხატულება, ასევე - კვების ქრონიკული მოშლის, ექსუდაციური ენტეროპათიის შედეგი, თანდაყოლილი ნეფროზული სინდრომის გამოვლინება. ასციტის განვითარებასა და პროგრესირებას ხელს უწყობს წყალმარილოვანი ცვლის რეგულაციის მოშლაც. მუცლის ღრუში სითხის (ზოგჯერ - 20 ლ-ზე მეტის) დაგროვება მუცელშიგა წნევის მატებას და გულმკერდის ღრუში დიაფრაგმის მაღლა დგომას (აწევას) იწვევს. ამის გამო საგრძნობლად (სუნთქვის უკმარისობის განვითარებამდე) იზღუდება ფილტვების სუნთქვითი მოძრაობები, ირღვევა გულის ფუნქცია, ძნელდება სისხლის მიმოქცევა მუცლის ღრუს ორგანოებში და ირღვევა მათი ფუნქცია. ასციტურ სეროზულ სითხეში ცილების კონცენტრაცია არცთუ ისე დიდია, მაგრამ მასიური ასციტის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სითხე პუნქციის საშუალებით რამდენიმეჯერ იქნა ამოღებული, მისი საერთო დანაკარგი შესაძლოა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს (ცილების დანაკარგს მარილებისაც ემატება), რომ ცილოვანი უკმარისობის განვითარება გამოიწვიოს.