lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Gonitis
გონიტი (ბერძნული სიტყვიდან, რაც `მუხლს~ ნიშნავს) მუხლის სახსრის ანთებაა. ის, ისევე როგორც სხვა სახის ართრიტები, სახსარში ინფექციის შეჭრის შედეგად ვითარდება. ინფექცია იჭრება სისხლიდან, დაზიანებული მეზობელი ქსოვილიდან ან უშუალოდ დაზიანებული სახსრიდან (მაგალითად, ჭრილობიდან, რომელიც სახსარს უერთდება). გონიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე გონიტის დროს სახსრის ღრუში გროვდება სეროზული, ჩირქოვანი, ფიბროზული ან სხვა სახის გამონადენი, აღმოცენდება ტკივილი, სახსრის ზემოთ კანი წითლდება, იმატებს ტემპერატურა. გონიტისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურის თავისებური მდებარეობა: ავადმყოფი ფეხს ბოლომდე ვერ მართავს. ამას ექიმები კონტრაქტურას უწოდებენ. გონიტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას კონტრაქტურამ შესაძლოა მყარი ხასიათი მიიღოს. თუ პროცესში ხრტილიც ჩაერთო, გამორიცხული არ არის, ანკილოზი (სახსრის უძრაობა) ჩამოყალიბდეს. ქრონიკული გონიტი ზოგჯერ მწვავე ფორმის გაგრძელებაა, ზოგჯერ კი ანთებას თავიდანვე ხანგრძლივად მიმდინარე ხასიათი აქვს (ასეთია, მაგალითად, ტუბერკულოზური და სიფილისური გონიტი). ქრონიკული გონიტი მიმდინარეობით მწვავეს ჰგავს, მაგრამ სიმპტომები ნაკლებად მკვეთრია.