lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Carcinoma mammae
ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მის წილად მოდის ავთვისებიან სიმსივნეთა 19%. კარცინომის განვითარების ალბათობა ასაკის პროპორციულად იზრდება - დაავადებულთა მხოლოდ 4%-ია 30 წელზე ახალგაზრდა. სიკვდილიანობა ყველაზე ხშირია 40-50 წლის ასაკში. მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების კარცინომა ძალიან იშვიათად გვხვდება. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი გააჩინეს 30 წლის შემდეგ, ასევე - ქალებს, რომლებსაც აქვთ კიბოს ოჯახური ანამნეზი ან ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია. ძუძუს კიბოს განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები. უმთავრესად ეს არის განმეორებადი დისჰორმონური ჰიპერტენზია, რომელსაც სდევს ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის კერების გაჩენა (ფიბროადენომატოზი). ასეთი ცვლილებები შესაძლოა გამოიწვიოს ენდოკრინულმა დარღვევებმა, რომლებსაც არცთუ იშვიათად განაპირობებს საკვერცხეების დაავადება, ხშირი აბორტი, ბავშვის არასწორი კვება ძუძუთი და სხვა. ძუძუს კიბოს განვითარების თვალსაზრისით განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ანატომიურ-ემბრიოლოგიურ გადახრებს - ჯირკვლოვანი ქსოვილის დამატებითი წილებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის (სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის) არსებობას. ყოველგვარი წარმონაქმნი, ავთვისებიანი გადაგვარებისკენ მიდრეკილების მიუხედავად, უნდა ამოიკვეთოს, რადგან ახალდაწყებული კიბოსგან მათი გარჩევა ზოგჯერ შეუძლებელია. ჰისტოლოგიური შენებით სარძევე ჯირკვლის კიბო უმეტესად ან ადენოკარცინომას წარმოადგენს, ან მრავალი გარდამავალი ფორმის მქონე სოლიდურ კიბოს.