lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Cysta dentalis
კბილის კისტა ღრუ წარმონაქმნია, რომელიც უმეტესად კბილის ფესვის მწვერვალზე ჩნდება და, წესისამებრ, სითხით არის ამოვსებული. მას ახასიათებს ზრდა, რის შედეგადაც კბილის ფესვის გარშემო ჯანმრთელი ძვლოვანი ქსოვილი მცირდება. ყოველივე ეს საფრთხეს უქადის იმ კბილს, რომლის ფესვთანაც მდებარეობს კისტა. კბილის კისტა ინფექციაზე ორგანიზმის თავისებური პასუხია. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს კბილის არასწორი მკურნალობის დროს. ზოგჯერ კბილის კისტა ვითარდება ჰაიმორიტის ან ისეთი ინფექციური დაავადების შედეგად, რომლის დროსაც პათოგენური მიკრობები სისხლთან ერთად ხვდება ღრძილებში. კბილის კისტის ფორმირება, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის მუდმივად იზრდება და ჯანსაღი ძვლოვანი ქსოვილი ზიანდება, ამიტომ პერიოდულად ვიაროთ სტომატოლოგთან. კისტის გამოვლენისა და მკურნალობის სისწრაფეზეა დამოკიდებული კბილის შენარჩუნების ალბათობა. ტკივილი, ტემპერატურა და ფლუსი მხოლოდ გვიან სტადიაში ვითარდება. ადრეულ სტადიაში შესაძლებელია კბილის კისტის განკურნება თერაპიული მეთოდებით - ექიმი ხსნის ფესვის არხებს და ინფიცირებულ შიგთავსს გარეთ გამოსვლის საშუალებას აძლევს, მერე კი სამკურნალო პრეპარატების მეშვეობით ახდენს ანთებითი კერის ბლოკირებას. თუ ეს უშედეგო აღმოჩნდა, მიმართავენ ქირურგიულ მეთოდებს: ცისტექტომიას, ჰემისექციას, კბილის ფესვის მწვერვალის რეზექციას - ექიმი ამოკვეთს დაზიანებული ფესვისა და ძვლოვანი ქსოვილის ფრაგმენტებს და ყბის ძვლის რეგენერაციისთვის სათანადო პირობებს ქმნის. ქირურგიული ჩარევის უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა კბილის ამოღება.