lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
lymphadenitis
ლიმფადენიტი ლიმფური კვანძების ანთებითი დაავადებაა. ის, ჩვეულებრივ, მეორეულია და ორგანიზმში მიმდინარე პირველადი ანთებითი პროცესის გართულებას წარმოადგენს. ლიმფადენიტს იწვევს სტრეპტოკოკები და სხვა პათოგენური მიკრობები. ხშირად ფლორა შერეული ხასიათისაა. ლიმფური კვანძების დაავადება მაშინ ვითარდება, როცა მიკროორგანიზმები, მათი ტოქსინები და დაშლის პროდუქტები პირველადი კერიდან ლიმფასთან ერთად აღწევენ ლიმფურ კვანძებში. მიკრობები შესაძლოა შეიჭრან ორგანიზმში დაზიანებული კანიდან, ლორწოვანი გარსიდან ან ჰემატოგენური (სისხლის) გზით. განასხვავებენ ლიმფადენიტის მწვავე და ქრონიკულ, სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ფორმებს. არასპეციფიკურ ლიმფადენიტს ყველაზე ხშირად იწვევს სტაფილოკოკი, იშვიათად - სტრეპტოკოკი ან სხვა ჩირქოვანი ბუნების მიკრობი, მათი ტოქსინები და პირველადი ჩირქოვანი კერის ქსოვილთა დაშლის პროდუქტები. პირველადი კერა შესაძლოა იყოს დაჩირქებული ჭრილობა, ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი, წითელი ქარი, ოსტეომიელიტი, თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული. ლიმფურ კვანძებში მიკრობები და მათი ტოქსინები ხვდება  ლიმფოგენური, ჰემატოგენური ან კონტაქტური გზით. შესაძლოა, მიკრობი უშუალოდ ლიმფურ კვანძზე მიყენებული ჭრილობიდან შეიჭრას. ამ შემთხვევაში ლიმფადენიტი პირველადი ხასიათისაა. ლიმფურ კვანძებში ანთებითი პროცესი აღმოცენდება და მიმდინარეობს ტიპობრივად. ექსუდატის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ სეროზულ, ჰემორაგიულ და ფიბროზულ-ჩირქოვან ფორმებს. ჩირქოვანი ანთების პროგრესირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლიმფადენიტის დესტრუქციული ფორმების (აბსცესური, ნეკროზული) განვითარება, ჩირქოვანი ინფექციის შემთხვევაში კი ლიმფური კვანძების დაშლა. საწყის სტადიაში ზიანდება ენდოთელიუმი, ფართოვდება და ჰიპერემიული ხდება სინუსები. ექსუდაციის დაწყება იწვევს ლიმფური კვანძების ძლიერ გაჟღენთას და შემდგომ უჯრედული ინფილტრაციის განვითარებას. ინფლიტრაცია ვითარდება ლეიკოციტების მიგრაციისა და ლიმფოიდური უჯრედების პროლიფერაციის  ხარჯზე. სეროზული შეშუპების ამ სტადიას მწვავე კატარულ ლიმფადენიტს უწოდებენ. მარტივი ლიმფადენიტის დროს ანთებითი პროცესი იშვიათად სცდება ლიმფური კვანძის კაფსულას. დესტრუქციული ფორმების დროს ანთება ვრცელდება ირგვლივ არსებულ ქსოვილებზეც (პარალიმფადენიტი). ამ ქსოვილებში ცვლილებები შესაძლოა შემოიფარგლოს  სეროზული ანთებით ან დაჩირქდეს და განვითარდეს ადენოფლეგმონა. მწვავე არასპეციფიკური ლიმფადენიტი მწვავე არასპეციფიკური ლიმფადენიტი იწყება ლიმფური კვანძების ტკივილითა და გადიდებით, თავის ტკივილით, სისუსტით და სხეულის ტემპერატურის მატებით. არცთუ იშვიათია ლიმფური კვანძების ანთება (ლიმფანგიტი). მწვავე ლიმფადენიტის გამოხატულების ხარისხი დაავადების ფორმასა და ძირითადი ანთებითი პროცესის ხასიათზეა დამოკიდებული. კატარული (სეროზული) ლიმფადენიტის დროს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ნაკლებად იცვლება. პაციენტები უჩივიან ტკივილს რეგიონული ლიმფური კვანძების არეში. ეს კვანძები გადიდებული, მკვრივი და მტკივნეულია,  ირგვლივ არსებულ ქსოვილებთან არ არის მიხორცებული, მათ ზედაპირზე კი კანი უცვლელია. პროცესის პროგრესირება, პერიადენიტის განვითარება, ანთების დესტრუქციულ და ჩირქოვან ფორმებში გადასვლა მდგომარეობის სირთულეზე მიუთითებს. ამ დროს ტკივილი მკვეთრია, ლიმფური კვანძები შეხებითაც მტკივნეულია, მათ ზედაპირზე კანი პიგმენტირებულია. ხშირად ლიმფური კვანძები უხორცდება ერთმანეთს და ირგვლივ არსებულ ქსოვილებს, რის გამოც უძრავი ხდება. ადენოფლეგმონის დროს აღინიშნება დიფუზური ჰიპერემია,  ინფილტრატი მკვრივია, არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები, ხოლო მის შიგნით დარბილებული კერები ისინჯება. ჩირქოვანი ლიმფადენიტის დროს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად იცვლება: მაღლა უწევს ტემპერატურა, ამცივნებს, აწუხებს ტაქიკარდია, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე. ჩირქოვანი ფლეგმონის დროს დაზიანებულ არეში შეხებისას შეიგრძნობა კრეპიტაცია. მოსალოდნელია შემდეგი გართულებები: თრომბოფლებიტი, ჩირქოვანი პროცესის გავრცელება (მუცლის ან გულმკერდის ღრუში), ჩირქოვანი ინფექციის მეტასტაზური კერები- სეპტიკოპიემია,  ფისტულები.