lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Крестовник плосколистный
რთულყვავილოვანთა ოჯახში შედის. ხარისშუბლა მრავალწლიანი, ნიადაგში ჰორიზონტალურად გაწოლილი, გრძელ ფესვურიანი მცენარეა. აყვავებული, გულგულით ამოვსებული ღეროს სიმაღლე 100-150 სმ-ია, ზოგან 200 სმ-აც აღწევს, რომელიც მრგვალი გარშემოწერილობისაა და სიგრძეზე წვრილად დაღარულია. გრძელყუნწიანი, განიერფუძიანი სამკუთხედისებრი, სამკუთხედ თირკმლისებრი, განივრად გულისებრ ამოჭრილ-ფუძიანი, 25-30 სმ სიგანის ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. ფოთლის ყუნწს გვერდებზე კარგად გამოსახული ფრთები ჩასდევს, რომელნიც ყუნწის ფუძესთან ბიბილოებივითაა გაგანიერებული და ღეროს ეხვევიან, ფოთლის ფირფიტის კიდეები ბასრი ხერხკბილაა, საყვავილე ღეროს კენწრულ ნაწილში ფოთლები ფრიად დაკნინებული და წაგრძელებულ-ლანცეტისებრია, ყვითელი კალათა ყვავილები კენწრულ ფარისებრ ყვავილედადაა შეკრებილი: კალათების საბურველის მწვანე ფოთლები ხაზურ-ლანცეტაა, ბოლოში წაწვეტებული და კიდეებში ჩალისფერი სიფრიფანა არშიით შემოვლებული. ყვავის ივლის-აგვისტო-სექტემბერში. ჩვეულებრივ იგი სუბალპური ლიხისა და შამბის (მაღალბალახეულის) შემადგენლობაში გვხვდება. ხშირადაა სუბალპური დაბალი სიხშირის როგორც ფოთლოვან, ასევე წიწვოვან ტყეებში. უფრო მეტი რაოდენობითაა ტყის ნაკადულების პირას და ჩადაბლებულ ნესტიან ადგილებში. იგი იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში, აჭარაში, სვანეთსა და აფხაზეთში. უფრო ხშირად ზღვის დონიდან 1500-2500 მეტრამდე სიმაღლეზე ქმნის კარგად განვითარებულ შამბნარს. ამ მცენარის ყველა ნაწილებში მოიპოვება ალკალოიდები (პლატიფილინი, სენეციფილინი, ნეოპლატიფილინი, სარაცინი), ამზადებს ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა. ფესურისა და ფესვებისაგან, აგრეთვე მიწისზედა ნაწილებისაგან იღებენ პრეპარატ "პლატიფილინის ჰიდროტარტრატს", რომელსაც მუცლის ღრუს მუსკულატურის სპაზმების დროს იყენებენ, მასვე ხმარობენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ბრონქიალური ასთმის, ჰიპერტონიის, სტენოკარდიის, სისხლძარღვების სპაზმების დროს, აგრეთვე ოფტალმოლოგიაში თვალის გუგის გასაფართოებლად. "სარაცინის ჰიდროტარტრატის" მისაღებად გამოიყენება S. rombifolius(willd) - რომელიც აქ განხილული სახეობისაგან განსხვავდება იმით, რომ ღეროს შუა და ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლების ყუნწებს არ გააჩნია ღერომხვევი ბიბილოები, გარდა ამისა ყვავილედში ყვავილთა რიცხვი მცირეა (5, 8), სარაცინი შინაგანი ორგანოების მუსკულატურის სპაზმების დროს გამოიყენება (პილოროსპაზმი, სპასტიკური კოლიტი, საშარდე გზების სპაზმები), აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ქოლეცისტიტისა და ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ . ალკალოიდი სენეციფილინი ტოქსიკურია, იგი იწვევს გემორარგიულ ცვლილებებს ღვიძლში და მედიცინისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ არაა რეკომენდებული ხარიშუბლას ნაყენი და სხვა გალეონური პრეპარატები, რომლებიც პლატიფილინთან ერთად სენეციფილინსაც შეიცავს.  პლატიფილინი სპაზმატოლოგიური საშუალებაა ტკივილების მოსახსნელად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სპასტიკური კოლიტის, ღვიძლისა და თირკმლების ჩხვლეტის და ქოლეცისტიტის დროს. ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას ვლინდება სიმშრალე პირის ღრუში, გულის გაძლიერებული ცემა, თვალის გუგების გაფართოება და ქოლინორეცეპტორების ბლოკირების გამომხატველი სხვა სიმპტომები. პლატიფილინის დანიშვნა შეუძლებელია გლაუკომის, გულსისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს სისხლის მიმოქცევის დარღვევის თანხლებით, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმლების ორგანული დაავადებების დროს. სარაცინით მკურნალობისას ავადმყოფთა უმეტესობას გაუუმჯობესდა მდგომარეობა (წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი და სპასტიკური კოლიტი), უქრება ან შეუმცირდება ტკივილები და პირღებინება, უმჯობესდება მადა, ანელებს გულწვას (გულის რუჯვა) და ბოყინს. სარაცინი არსებით გავლენას არ ახდენს კუჭის სეკრეტორულ და მჟავის გამომყოფ ფუნქციებზე. მისი გავლენით მოხდა კუჭის მოტორული ფუნქციის ნორმალიზება. იგი არ იწვევს გვერდით მოვლენებს და ავადმყოფები კარგად იტანენ.