ფითრი მარადმწვანე, პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახიდან. მისი ბუჩქები ბურთისებრი ფორმისაა, მრავლადატოტვილი. იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხვდება, არცთუ იშვიათად ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭზე და სხვა მერქნიან მცენარეებზეც. ფოთლები ტოტებზე მოპირისპირედაა განლაგებული, სქელი ტყავისებრი, მოგრძო-ლანცეტისებრი ან ელიფსური ფორმისაა, კიდემთლიანი, ყვავილები წვრილია, მოყვითალო-მწვანე, მარტივი სამ-ოთხ ფურცლიანი ყვავილსაფარით, ერთსქესიანი, მამრობითი 3-4 მტვრიანათი, მდედრობითი 3-4 ბუტკოიანი ზედა ნასკვით. ნაყოფი მოყვითალო 1 სმ-მდე სიმსხოს, მრგვალი, თესლიანი ცრუ კენკრაა, რომელიც გარედან წებოვანი გარსითაა დაფარული. ფითრი ყვავილობს მარტ-აპრილში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, როგორც დაბლობში, ისევე მთაში. იგი გარკვეულწილად ზარალს აყენებს მებაღეებს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას არამარტო როგორც სამკურნალო მცენარე, არამედ როგორც საქონლისა და ფრინველის საკვები. |