lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Плаун булавовидный
ლოკოპოდიუმისებრთა ოჯახში შედის. ფრიად თავისებური გარეგნობის მცენარეა. მას ახასიათებს წვრილი და გრძელი ღეროები, რომელთაც ბანჯგვლიანი შესახედაობა აქვთ მრავალრიცხოვანი წვრილი და ხშირი ფოთლების გამო. ღერო მიწაზეა გართხმული თავისი მოკლე ტოტებითურთ, რომელიც გრძელ მწვანე თოკს მოგვაგონებს. ზოგჯერ მისი სიგრძე რამოდენიმე მეტრამდე აღწევს. ერთის შეხედვით მთელი ეს მწვანე "თოკი" მიწაზე თავისუფლად დევს, მაგრამ თუ ხელის შეხებით ავწევთ, მაშინვე დავრწმუნდებით, რომ ღერო თავისუფლად კი არ დევს მიწაზე, არამედ ალაგ-ალაგ მიწაზეა მიმაგრებული თავისი ფესვებით. მარადმწვანე მცენარეა, ერთნაირად ხასხასა მწვანე როგორც ნედლ, ასევე ხმელ მდგომარეობაშიც, ამიტომაც ხალისით იყენებენ ყვავილწნულებისათვის (გირლიანდებისათვის). ღეროს აქა-იქ ამოუდის განსაკუთრებული მოგრძო ტოტები, რომელიც ვიწრო ცლინდრული თავთავისებრი წარმონაქმნით მთავრდება, თითოეულ ტოტზე მათი რაოდენობა 2-5 ცალის ფარგლებში მერყეობს, ამ თავთავებში უამრავი სპორები მწიფდება და ზაფხულის ბოლოს ყვითელი მტვრის სახით გამოიბნევა ხოლმე. სპორები ძალიან ადვილად აალებად მასალას წარმოადგენს. თითქმის თოფისწამლისებურად აალებადია. ანთებულ ასანთზე სპორების დაყრით უცბად მიიღება კაშკაშა საკამაოდ მაღალი ალი, ეს თვისება გამოყენებულია მეტალურგიაში ფრიად გლუვზედაპირანი სხმულის მისაღებად. ყალიბს, რომელშიც მეტალი უნდა ჩამოისხას, კედლებზე და ფსკერზე ლიკოპოდიუმის სპორებს აფრქვევენ. გამდნარი მეტალის შეხებისთანავე სპორები ფეთქდება და იწვის, ამ დროს ყალიბის კედლებსა და მეტალს შორის წამის მერამდენიმე ნაწილში ჰაერის შრე ჩნდება იმ გაზებისაგან, რომელიც სპორების წვის პროცესში გამოიყო, რაც მეტალს ყალიბის კედელზე მიკვრის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ გაციების შემდეგ ფრიად გლუვია და ყალიბიდან ადვილად ამოდის. ამ მცენარის ფოთლები მოყვანილობით ხაზურია, 1-2 სმ სიგრძის წვერზე წვრილი თეთრი წვეტით. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში ალპურ მდელოებამდე წიწვოვან ტყეებში, ტყეთაშორის ველებზე, მდელოებზე, გვხვდება ფოთლოვან ტყეებსა და ბუჩქნარებშიც. ღეროები ქსოვილებს ლურჯ ფერად ღებავს. ლიკოპოდიუმის სპორებს ბავშვთა პრაქტიკაში იყენებენ პუდრის სახით კანის ანთებად და გამონაყარ კერებზე შესაფრქვევად. ხალხური მედიცინა ლიკოპოდიუმის სპორებს და თვით ბალახსაც იყენებს, როგორც გამხსნელ და შარდმდენ საშუალებას თირკმლების საშარდე ბუშტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სასუნთქი გზების დაავადების დროს, სვამენ თითო სუფრის კოვზ ნახარშს ყოველ სათში (1 სუფრის კოვზი სპორები ან 10 გ ლიკოპოდიუმის ბალახი 1 ჭიქა წყალზე). ზოგჯერ სპორებს აყრიან ჭრილობაზე, ბალახის ნაყენით მკურნალობენ გრიპის და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაშიც. ლიკოპოდიუმის სპორების ნახარშს სვამენ საშარდე ბუშტის არეში ტკივილების, მისი მწვავე ანთების, თირკმლისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე საშარდე ბუშტის სპაზმების დროს. იღებენ 2 სუფრის კოვზ სპორებს 2 ჭიქა ცივ წყალზე, ადუღებენ 15 წუთს, დუღილის დროს ხშირად ურევენ კოვზით. სვამენ თითო სუფრის კოვზს სპორებთან ერთად ყოველ საათში ერთხელ. სპორების უქონლობის შემთხვევაში სვამენ ლიკოპოდიუმის ბალახიან ნახარშს 20-30 გრამს (ერთი სირჩა) რაოდენობით ყოველ საათში ერთხელ (30-40 გ. ბალახი 1 ლ წყალზე). პატარა ჭრილობებდსან სისხლდენის შესაწყვეტად ლიკოპოდიუმის სპორებს იყრიან ჭრილობაზე.