ტვინის აბსცესი ტვინის ქსოვილში გაჩენილი ჩირქით სავსე შემოფარგლული ღრუა. მის წარმოსაქმნელად აუცილებელია, ჩირქმბადი მიკრობი (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი) ტვინის ქსოვილში მოხვდეს. მიკრობი ტვინში იჭრება: 1. თავის ქალას ღია დაზიანების (ტრავმის, ოპერაციის) დროს თმიდან, ტანსაცმლიდან, ძვლის ნატეხებიდან; 2. ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი ანთებითი კერიდან (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ფურუნკულოზი, ანგინა, დაავადებული კბილი) სისხლის ან ლიმფის საშუალებით; 3. ცხვირის ღრუდან (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ან შიგნითა ყურიდან (ოტიტი) თხელი ძვლოვანი ძგიდის გავლით, რომელიც მათ ქალას ღრუსგან გამოყოფს. ტვინის აბსცესს რიგი თავისებურება ახასიათებს. კერძოდ, განსაზღვრულ პირობებში (ძლიერი ანტიბიოტიკების მიღებისას) ინფექციის კერა შესაძლოა ჩაიპარკოს - მის ირგვლივ წარმოიქმნას გამმიჯნავი გარსი, რომლის მიღმაც ინფექცია დიდხანს იქნება მთვლემარე მდგომარეობაში და ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების დაქვეითებისას (გაციება, სტრესი, შიმშილი, სიბერე) აბსცესის ხელახალ განვითარებას გამოიწვევს. |