lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
амилоидоз
ამილოიდოზი ცილების ცვლის დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ქსოვილებში სპეციფიკური ცილოვან-პოლისაქარიდული კომპლექსის - ამილოიდის წარმოქმნა. ამა თუ იმ ორგანოს ქსოვილებში ჩალაგებული ამილოიდი ავიწროებს ამ ორგანოს ფუნქციური მნიშვნელობის ელემენტებს და მის სიკვდილს იწვევს. განასხვავებენ ორგვარ ამილოიდოზს: სისტემურს, როდესაც ამილოიდი მრავალ ქსოვილსა და ორგანოში ლაგდება და ლოკალურს, როდესაც ზიანდება მხოლოდ ერთი ორგანო, მაგალითად, გული (გულის ამილოიდოზი), კანი (კანის ამილოიდოზი), ენა (ენის ამილოიდოზი), ბრონქები (ბრონქების ამილოიდოზი). ამილოიდოზის ეტიოლოგია და განვითარების მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია. არსებობს მხოლოდ ვარაუდი. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ პირველად, მეორეულ, ოჯახურ, ხანდაზმულობასთან ასოცირებულ, ლოკალურ და სხვა სახის ამილოიდოზებს. პირველადი ამილოიდოზი წინამორბედი და თანმხლები დაავადებების გარეშე მიმდინარეობს. მეორეული ამილოიდოზი ქრონიკული ჩირქოვანი პროცესის (ოსტეომიელიტის), რევმატოიდული ართრიტის, ტუბერკულოზის, მიელომური დაავადების, სხვადასხვა ორგანოში არსებული ავთვისებიანი წარმონაქმნის, ლიმფოგრანულომატოზისა და სხვა დაავადებების გართულებაა. განსაკუთრებული ადგილი უკავია მოხუცებულთა ამილოიდოზს, რომლის დროსაც შეიმჩნევა გულის, თავის ტვინის, წინამდებარე ჯირკვლის დაზიანება. ოჯახურ ამილოიდოზს (ხმელთაშუა ზღვის დაავადება, პერიოდული დაავადება, სომხური დაავადება, რეიმანის დაავადება) სისტემური გამოვლინებები ახასიათებს. ამილოიდოზის ლოკალურ ფორმათა უმრავლესობის მიზეზი დაუდგენელია. ასეთი ფორმები იდიოპათიურ ამილოიდოზად მოიხსენიება. ამილოიდოზის კლინიკური სურათი ლოკალიზაციასა და დაზიანებული ორგანოს ფუნქციის დარღვევის ხარისხზეა დამოკიდებული. პირველადი ამილოიდოზი ზოგჯერ მხოლოდ გაკვეთისას დგინდება. მოხუცებულთა ამილოიდოზი უნდა ვიეჭვოთ, თუ მოხუცებულს განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც პროგრესირებადი ათეროსკლეროზის (ამ დროს ათეროსკლეროზულ ფოლაქებში ამილოიდებია ჩალაგებული) და ჭკუასუსტობის თანხლებით მიმდინარეობს. ორგანოთა მეორეული ამილოიდოზის ამოცნობა იოლია, რადგან ამ დროს არცთუ იშვიათად ზიანდება რამდენიმე ორგანო ან სისტემა და ცნობილია ძირითადი დაავადება, რომლის გართულებაც შეიძლება იყოს ამილოიდოზი. მეორეული ამილოიდოზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება თირკმელები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. გვხვდება, თუმცაღა იშვიათად, საჭმლის მომნელებელი და საშარდე სისტემების პირველადი ამილოიდოზიც. ამილოიდოზს სპეციფიკური ლაბორატორიული ნიშნები არ გააჩნია, თუმცა შეიმჩნევა ედს-ის მნიშვნელოვანი მატება (50-70 მმ/ს) და ანემია, რამაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა ამილოიდის არსებობა გვაეჭვებინოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძირითადი დაავადება სისხლის ანალიზის ასეთი ცვლილების ახსნის საშუალებას არ იძლევა.