lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
анорексия
ანორექსია უმადობაა, როდესაც კვებისადმი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დარღვეული არ არის. მას კვების ცენტრის ფუნქციის მოშლა იწვევს. ანორექსიას საფუძვლად შეიძლება დაედოს გადაჭარბებული ემოციური აღგზნება, ფსიქიკური დაავადება, ენდოკრინული სისტემის მოშლა, ინტოქსიკაცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადება (მწვავე გასტრიტი, გასტროდუოდენიტი და სხვა), არარეგულარული ერთგვაროვანი კვება, უგემური კერძებით კვება, კვებისას არასასურველი გარემოს არსებობა, კუჭ-ნაწლავის ფუნქციის შემაფერხებელი, უგემური ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი წამლების მიღება. შესაძლოა, გამოვლინდეს როგორც ნევროზული რეაქცია ამა თუ იმ ნეგატიურ მოვლენაზე. ხანგრძლივი ანორექსიისას ქვეითდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი და იზრდება დაავადებებისადმი მგრძნობელობა. მცირე ასაკის ბავშვებს ანორექსია ხშირად ძალდატანებით კვების გამო ემართებათ. მკურნალობა. მკურნალობა ითვალისწინებს ანორექსიის მიზეზების გამოვლენასა და აღმოფხვრას, კვების რეჟიმის მოწესრიგებას, მრავალფეროვან რაციონს, ძუძუზე მყოფ ბავშვებში - კვების რეჟიმის დაცვას. ასევე, ინიშნება მადის აღმძვრელი პრეპარატები (ე.წ. მადის მომგვრელი ჩაი, ვიტამინი B12, ცერუკალი), მძიმე გამოფიტვის შემთხვევაში - პოლივიტამინი, ჰორმონები (რეტაბოლილი), ნევროზის დროს - ფსიქოთერაპია, ფსიქოფარმაკოლოგიური პრეპარატები. განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავენ ხელოვნურ კვებას ვენაში სპეციალური ხსნარების შეყვანით. ნერვული ანორექსია ნერვულ-ფსიქიკური ანორექსია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, უპირატესად - გოგონებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გახდომის დაუოკებელი წყურვილით გამოიხატება. ამ მიზნის მისაღწევად მოზარდები თითქმის არაფერს ჭამენ, ზოგჯერ შიმშილობენ კიდეც, ინტენსიურად ვარჯიშობენ, იღებენ საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს. ზოგიერთი ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევს ღებინებას. ნერვული ანორექსია მჭიდროდ უკავშირდება მეორე პათოლოგიას - დისმორფომანიას: ავადმყოფს აკვიატებულიაქვს, რომ მსუქანია და გახდომა სჭირდება. ამ აკვიატებულ აზრს ზოგჯერ რეალური, ფსიქოგენური საფუძველი აქვს (მაგალითად, ადამიანს უწოდებენ ქონიანს, გაბერილს, მასზე ამბობენ, ღორივით ჭამსო...), უმეტესად კი სიმსუქნე მოჩვენებითია, ხოლო გახდომის სურვილი - ბოდვითი ხასიათისა.