lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
восточная ель
აღმოსავლური ნაძვი ფიჭვისებრთა ოჯახს ეკუთვნის. 60 მეტრამდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი 2 მეტრამდე აღწევს. ხშირი დატოტვის გამო ვარჯი ძალიან კომპაქტურია და წვიმას თითქმის არც კი ატარებს. ღერო დაფარულია ნაცრისფერი დაშაშრული ქერქით. ბოლობლაგვი მოკლე (7-10 მმ) ოთხწიბოიანი, მუქი მწვანე წიწვები მთელი ყლორტის ირგვლივ მორიგეობით განლაგებული. მამრობითი ყვავილები ცილინდრულ თავთავისებრ თანაყვავილედადაა შეკრებილი ყლორტის ქვედა ნაწილში. მდედრობითი მოწითალო ან მწვანე ყვავილები უფრო ხშირად ხის კენწრულ ნაწილშია ყლორტების დაბოლოებებზე ჩურჩხელასავით ჩამოკიდებული. ზრდასრული გირჩი თითისტარისებრ-ცილინდრულია. გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში. კარგი ზრდით, ზღვის დონიდან 1500-1700 მ სიმაღლეზე ხასიათდება, საერთოდ კი მთაში 2400 მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება ქარისაგან დაცულ ადგილებში. აღმოსავლური ნაძვი მეზოფიტი ჯიშია, ნორმალურად ტენით უზრუნველყოფილ ნოყიერ ნიადაგებზე იზრდება. ნაძვის მერქანს ფრიად მრავალმხრივი გამოყენება აქვს სახალხო მეურნეობაში (მშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა, საავეჯო წარმოება, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება და სხვ.). ნაძვის ფისისაგან შესაძლოა კოლოფანის, სკიპიდარის და ხის ძმარის დამზადება. ქერქი შეიცავს ტანინებს, რომელიც განსაკუთრებით ბევრია ზრდაში ჩამორჩენილ-დაჩაგრული ხეების ქერქში. ამიტომ ფართო შესაძლებლობა ისახება ქერქის ფეხსაცმლის წარმოებაში გამოყენებისა ტყავის გასათრიმლავად. წიწვები 400 მგ პროცენტზე მეტ C ვიტამინის შეიცავს და გამოიყენება ვიტამინოვანი კონცენტრატების მოსამზადებლად. აგრეთვე სურავანდის საწინააღმდეგო ნაყენებისათვის. ხალხური მედიცინა ნაძვის წიწვებს აბაზანებისათვის იყენებს რევმატიზმის სამკურნალოდ. არც თუ დიდი ხნის წინ მედიცინამ პრეპარატ პინაბინის გამოყენება დაიწყო, რომელიც ნაძვის ან ფიჭვის წიწვებიდანაა მიღებული -იგი წარმოადგენს ეთერზეთის 50 პროცენტიან ხსნარს, რომელიც ატმის ზეთზეა დამზადებული. პინაბინი სპაზმოლიტურად მოქმედებს შარდგამომყოფი გზების მუსკულატურაზე, ზღუდავს პათოგენური (ავადმყოფობის გამომწვევი) ბაქტერიების განვითარებას. იგი რეკომენდებულია როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლების კენჭოვანი დაავადების და თირკმლის ჭვალის დროს. იღებენ 5-20 წვეთს შაქრით დღეში სამჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე 4-5 კვირის განმავლობაში. პინაბინის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მიმდინარეობს ნაძვის კვირტების ნაყენის, როგორც ანთებითი პროცესებისა და სასუნთქი გზების სპეციფიკური დაავადებების (რინიტი, კატარი, ანგინა, ბრონქიალური ასთმა და სხვ.) სამკურნალო საშუალების გამოცდა. ხალხურ მედიცინაში ნაძვის ჩვილი ყლორტების არყიან ნაყენს იყენებენ ტუბერკულოზის დროს.