თირკმელი შედგება პარენქიმისგან (თირკმლის ქსოვილი, სადაც იფილტრება შარდი) და მენჯფიალოვანი სისტემისგან, რომელიც შარდს აგროვებს და შარდსადენში გადაისვრის. პარენქიმა შეიცავს ურიცხვ კაპილარულ გორგალს (გლომერულებს), რომელთა მეშვეობითაც გამოიწოვება სისხლის თხევადი ნაწილი. ეს უკანასკნელი გადამუშავდება და შარდად გარდაიქმნება. პროცესის არსი ასეთია: გორგლების ფორების დიამეტრი იმდენად მცირეა, რომ ერითროციტებსა და ცილებს არ ატარებს, მაგრამ ატარებს სისხლის პლაზმაში არსებულ ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს (ეს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებია). ინფექციებთან მრავალჯერადი ან ხანგრძლივი კონტაქტის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა შესაძლოა `დაიბნეს~ და თირკმლის გორგლებში არსებული უჯრედების საწინააღმდეგოდ ამოქმედდეს. ამის შედეგად თირკმელებში ვითარდება აუტოიმუნური ბუნების ანთება, რომელიც თირკმლის გორგლებს ანუ ორგანიზმიდან თირკმელებში მავნე ნარჩენების გადამტან სისტემას აზიანებს. გორგლის კედლებში წარმოიქმნება ნაპრალები, სადაც ძვრებიან ერითროციტები და ცილები. სწორედ ამ დროს ჩნდება შარდში ცილები (პროტეინურია) და სისხლი (ჰემატურია). ამ დაავადებას გლომერულონეფრიტს უწოდებენ (ბერძ. ნეპჰროს - თირკმელი, ლათ. გლომერულუს - გორგლები). ამრიგად, გლომერულონეფრიტი თირკმელების გორგლების დიფუზური იმუნური ანთებაა. გლომერულონეფრიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ეს უკანასკნელი ზოგჯერ მწვავე ფორმის გართულებაა, ზოგჯერ კი პირველადად აღმოცენდება. |