lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
кандидоз
კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს კანდიდას სახეობის საფუარა სოკო (ჩანდიდა ალბიცანს). სოკომ შეიძლება ბინა დაიდოს კანზე და ნებისმიერი ორგანოს (პირის ღრუს, ნაწლავების, საშოს, საშარდე გზების) ლორწოვან გარსზე. კანდიდოზი შეიძლება განუვითარდეს ჯანმრთელ ადამიანს (და თავისთავადვე გაუაროს) ან გართულებად მოჰყვეს ლორწოვანი გარსის ნორმალური მიკროფლორის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადებას, მაგალითად, დისბაქტერიოზს. კანდიდოზის გამოვლინება დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი (მას რძიანასაც უწოდებენ) ხშირად გვხვდება ახალშობილებში, მაგრამ სხვა ასაკშიც შეიძლება განვითარდეს. ამ დროს ლოყების, ენისა და ხახის ლორწოვანი გარსი შეწითლებულია და მოფენილია თოვლის ფიფქების მსგავსი ნადებით (ლორწოვანი გამოიყურება ისე, თითქოს ბავშვს ახლახან ეჭამოს ხაჭო ან ნადუღი). თუ დედას ორსულობის დროს ან მანამდე ჰქონდა მსგავსი გამონადენი საშოდან ან აწუხებდა არასასიამოვნო შეგრძნება, მაგალითად, ქავილი სასქესო ორგანოების არეში, მაშინ ზემოაღწერილი სიმპტომები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზზე მეტყველებს. სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებს რძიანა უვითარდებათ მძიმედ მიმდინარე დაავადებების ან ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ. პროცესი შეიძლება გავრცელდეს სასუნთქ გზებსა და საყლაპავის ლორწოვან გარსებზე ან ჩამოყალიბდეს ვისცერული ფორმა, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოებიც ზიანდება. მართებული მკურნალობის შემთხვევაში პირის ღრუს კანდიდოზი საშიში არ არის. სამკურნალოდ ინიშნება გამაუვნებელი და სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი პრეპარატები. ნაწლავთა კანდიდოზი მძიმედ მიმდინარე დისბაქტერიოზის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს. როდესაც ნაწლავებში ნორმალური მიკლოფლორისთვის არასასურველი პირობები იქმნება, იქ გამრავლებას იწყებს კანდიდა. ეს გამოვლინდება ფაღარათით, ნაწლავებში აირების ჭარბი წარმოქმნით და განავალში თეთრი ფიფქისებრი მინარევების არსებობით. ადრეული ასაკის ბავშვებისთვის კანდიდოზის ეს ფორმა საშიშია, ვინაიდან პატარები ცუდად იმატებენ წონას, ფაღარათის შედეგად კარგავენ ვიტამინებს და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. ნაწლავთა კანდიდოზის დროს, ავადმყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით, ინიშნება ელექტროლიტების შემცველი სითხეების შინაგანი მიღება (ზოგჯერ - გადასხმაც) და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. სასქესო ორგანოების კანდიდოზი სოკოვან დაავადებებს შორის ყველაზე ხშირია, ვინაიდან მისი გამომწვევი სოკო საშოს ბუნებრივი მიკროფლორის ნაწილს წარმოადგენს. როცა სოკო ნორმალური რაოდენობით არის საშოში, ქალს არაფერი ემუქრება, მაგრამ როგორც კი უკონტროლო გამრავლებას დაიწყებს, ვითარდება კანდიდოზი. ამის გამო ქალებში სასქესო ორგანოების კანდიდოზს საშოს კანდიდოზსაც უწოდებენ. სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება სქესობრივი პარტნიორისგან მამაკაცსაც შეიძლება გადაედოს. ამ დაავადების მამაკაცისეულ ვარიანტს ბალანოპოსტიტი ეწოდება. სასქესო ორგანოების კანდიდოზის დროს ქალს აქვს დიდი რაოდენობით ხაჭოსმაგვარი გამონადენი, აწუხებს სასქესო ორგანოს ქავილი, სქესობრივი აქტისა და შარდის გამოყოფის დროს - ტკივილი. დაავადება რომ გამოიწვიოს, საფუარა სოკოს განსაკუთრებული პირობები სჭირდება: გარემო, სადაც იგი ბინადრობს, არ უნდა იყოს მჟავე, ხოლო ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქცია დაქვეითებული უნდა იყოს. სოკოს გაძლიერებულ გამრავლებას ხელს უწყობს ანტიბიოტიკოთერაპია, იმუნიტეტის დაქვეითება (შიდსი, ქრონიკული ანთებითი დაავადებები), ნივთიერებათა ცვლის მოშლა (შაქრიანი დიაბეტი), არასწორი კვება (ნახშირწყლების ჭარბი მიღება და ვიტამინების ნაკლებობა), ჰორმონული ცვლილებები (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება, ორსულობა), ვიწრო სინთეტიკური საცვლების ტარება (ისინი არ ატარებენ ჰაერს, რითაც სოკოს გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიან) და სხვა. სასქესო ორგანოების კანდიდოზი ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს, მაგრამ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს და ხელს უშლის ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებას. იშვიათად კანდიდოზი შეიძლება ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს და პათოლოგიურ პროცესში ჩართოს ახლომდებარე ორგანოები - შარდის ბუშტი და ნაწლავები. სასქესო ორგანოების კანდიდოზის დიაგნოსტირება ადვილია კლინიკური ნიშნებისა