მალარია მძიმე პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელების შეტევები, ანემია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მალარიით დაავადებული ან პარაზიტმატარებელი ადამიანი. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს ანოფელესის გვარის კოღოს - ე. წ. მალარიის კოღოს. ის ბინადრობს მდელოებზე, ტბებთან, ჭაობში, ტბორში, ჩაკეტილ და მდორე წყალსატევებში. ადგილობრივ მალარიასთან ერთად, რომელიც განსაზღვრულ ეპიდემიურ კერებში ვრცელდება, გვხვდება მალარიის შემოტანის შემთხვევებიც. ჩვენს ქვეყანაში მალარიის სწორედ შემოტანილი შემთხვევები აღირიცხება. საქართველოში მალარიას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. დაავადების გადაცემა ხდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. კოღო ანოფელესი დაავადებული ადამიანის სისხლთან ერთად ამოწოვს პლაზმოდიუმს, რომელიც მის ორგანიზმში სქესობრივი მომწიფებისა და გამრავლების ციკლს გადის. ციკლის დასასრულს ახალგაზრდა პლაზმოდიუმები კოღოს სანერწყვე ჯირკვლებში აღწევენ და ჯანმრთელი ადამიანის კბენისას კოღოს ნერწყვთან ერთად ხვდებიან მის სისხლში. სისხლს პლაზმოდიუმი ღვიძლამდე მიაქვს, სადაც ისინი არასქესობრივი გზით მრავლდებიან. ახალგაზრდა პარაზიტები სისხლში გადადიან და ერითროციტებში აღწევენ. არსებობს ინფექციის გავრცელების კიდევ ორი გზა: პირველი - დედისგან ნაყოფის ან ახალშობილის ინფიცირება მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს, მეორე - ინფიცირებული სისხლის გადასხმა. არსებობს მალარიის 4 ფორმა, რომლებიც გამომწვევის ოთხ ნაირსახეობას უკავშირდება: სამდღიური, ოთხდღიური, სამდღიურის მსგავსი მალარია-ოვალე და ტროპიკული. საქართველოში ძირითადად სამდღიური მალარიაა გავრცელებული. |