lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
педикулёз
დატილიანება ანუ პედიკულოზი არის კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც ტილი იწვევს. ტილი სისხლისმწოველი მწერია, რომელიც ადვილად გადადის ერთი ადამიანისგან მეორეზე. ბუნებაში ტილის 150-მდე სახეობა არსებობს, მაგრამ ისინი მკაცრად სპეციფიკური პარაზიტები არიან და ცხოველთა განსაზღვრულ სახეობებში პარაზიტობენ. ადამიანს ტილი მხოლოდ სხვა ადამიანისგან შეიძლება გადაედოს და არა კატისა თუ ზღვის გოჭისგან. ცნობილია ადამიანის სამგვარი ტილი: თავის, ტანსაცმლისა და ბოქვენის. თავის ტილი არის 2-4 მმ სიგრძის მორუხო-მოთეთრო ფერის პარაზიტი. იგი ბინადრობს ადამიანის თავის თმიან ნაწილში, უპირატესად - კეფასა და საფეთქლებზე, სადაც აღინიშნება ქავილი და კანის შეწითლება. შესაძლოა, წარბებსა და წამწამებზეც გადავიდეს. ტილი დებს მორუხო-მოთეთრო ფერის კვერცხებს (წილებს), რომლებიც მჭიდროდ არის მიმაგრებული თმის ღერებზე. ტანსაცმლის ტილი თავის ტილს წააგავს. ის ტანსაცმლის ნაოჭებში ბუდობს და ადამიანის კანზე საკვებისთვის გადადის, ამიტომ კანის დაზიანება უმეტესად ტანსაცმლის ტანზე შეხების ადგილას - კისერზე, წელის მიდამოში შეიმჩნევა. ხანგრძლივი დატილიანების შემთხვევაში კანი უხეშდება, სქელდება, ნაცრისფერდება და ადამიანს ქავილი ისე აღარ აწუხებს. ბოქვენის ტილი პაწაწინა (1-1,5 მმ სიგრძის) მოყვითალო-მორუხო პარაზიტია. იგი პარაზიტობს სასქესო ორგანოების თმიან ნაწილზე, ზოგჯერ იბუდებს იღლიის ფოსოში, თეძოზე, მუცელზე, ანუსის არეში - სწორედ აქ მდებარეობს სასქესო ჯიკვლების უმრავლესობა, რომლებზეც არის ორიენტირებული ბოქვენის ტილის სპეციფიკური ყნოსვა. იგი არასდროს პარაზიტობს თავზე.