lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
экзема
ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს - მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს. ეგზემის მიზეზი უცნობია. დაავადების წარმოქმნის მექანიზმს საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის (უპირატესად - ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის) ფუნქციური დარღვევებით. ამ დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ეგზემით დაავადებულებში ერთობ თვალსაჩინოდ არის გამოხატული. ენდოგენური ფაქტორების არსებობისას (ნერვული და ენდოკრინული სისტემების, ღვიძლის, ნაწლავების ფუნქციის მოშლის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში) ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ეგზოგენური გამღიზიანებლები, რომლებსაც ორ ჯგუფად - ჩვეულებრივ ანუ ბანალურ გამღიზიანებლებად და ალერგენებად ყოფენ. ბანალური გამღიზიანებელია სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური აგენტი, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე საყოფაცხოვრებო თუ პროფესიულ პირობებში. მათ შორის - მეტეოროლოგიური ფაქტორები (სიცივე, სიცხე, ქარი, მზის სხივები), წყალი, საპონი, მჟავები, ტუტეები. ენდოგენური დარღვევებისა და ეგზოგენური გამღიზიანებლების კომპლექსი განაპირობებს ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებას (სენსიბილიზაციას) გარე გამღიზიანებლების მიმართ. ალერგენები ისეთი გამღიზიანებლების მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომლებიც ორგანიზმზე ერთჯერადი მოქმედებისას შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, მაგრამ ხანგრძლივი, მრავალჯერადი ზემოქმედებისას ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლას - სენსიბილიზაციას განაპირობებს. ალერგენების მაგალითად გამოდგება ორგანული ნივთიერებები: სკიპიდარი, საღებავები, ნიკელის, ქრომის მარილები და სხვა. სენსიბილიზაციის დასაწყისში შესაძლოა ორგანიზმი რომელიმე ერთ გამღიზიანებელზე რეაგირებდეს. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ორგანიზმის რეაქტიულობა იცვლება და იწყება რეაგირება მრავალ სხვადასხვა, მათ შორის - ბანალურ გამღიზიანებლებზეც კი. ენდოგენური ფაქტორებიდან აღსანიშნავია ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომლის მნიშვნელობაზეც მიუთითებს ქავილისა და წვის შეგრძნებები და თერმორეგულაციის დარღვევა. დაავადებულთა ალერგიულ მდგომარეობას შესაძლოა ხელი შეუწყოს ქრონიკული ინფექციის კერებმა (ტონზილიტმა, სინუსიტმა, ქოლეცისტიტმა, აპენდიციტმა, პროსტატიტმა, კოლიტმა). აგრეთვე - სოკოვანი დაავადების გამწვავებამ, ნაწლავთა პარაზიტების ცხოველმყოფელობის პროდუქტებმა და ა.შ. გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი განწყობა დაავადების მიმართ.