lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
железное дерево
აკაკი თელისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ხეა, რომლის სიმაღლე 7 (იშვიათად 12) მ-ია. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიულია. ბოლოში წაწვეტილი, ნაპირებში ხერხკბილა, ხეშეში, ზემოდან მქისე, ქვემოდან შებუსვილი, ძარღვებამოწეული. ყვავილები ორსქესიანია და ფოთლების იღლიებშია განლაგებული თითო-ოროლა, ყლორტების ძირში ხშირად განლაგებულია მამრობითი (ცალსქესიანი) ყვავილებიც. ნაყოფი 1 სმ-მდე სიმსხოს კურკიანაა, მოწითალო-ყვითელი, მოყავისფრო ან უფრო მუქი, ზოგჯერ თითქმის ცისფერი, ნაცრისფერი ნაფიფქით, ხორცოვანი ტკბილი რბილობით. ყვავის მარტ-მაისის განმავლობაში. ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება, ნელმოზარდი ჯიშია. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 500 წლამდე აღწევს. მრავლდება თესლით და ფესვის ნაბარტყით, ხასიათდება ძირკვის უხვი ამონაყრით. საქართველოში აღმოსავლეთ რაიონებშია გავრცელებული. იგი ნათელი ტყეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მერქნიანი ჯიშია, მთაში 1000 მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება. საკმაოდ ქსეროფიტი (სიმშრალის ამტანი) მცენარეა, მაგრამ ხანგრძლივი გვალვის დროს ფოთლები უხმება და სცვივა, წვიმების დაწყებისას კი ხელმეორედ იფოთლება. აკაკის მერქანი ძალიან მკრივია, ამიტომ მას მეორენაირად რკინის ან ქვის ხეს უწოდებენ. გამოიყენება საავეჯო წარმოებაში. ნაყოფს სასიამოვნო გემო აქვს, იჭმება, საზამთროდ ახმობენ და ინახავენ ხილად, ფქვავენ კურკიანად და ფქვილისაგან განსაკუთრებულ ფაფას ხარშავენ, რომელიც დიდი ყუათიანობით გამოირჩევა. ნაყოფი 15 პროცენტამდე ცხიმს შეიცავს, რომელიც თავისი სამედიცინო ეფექტით ნუშის ზეთს ჰგავს. ფოთლით შინაურ ცხოველებს კვებავენ, ზოგჯერ კი აბრეშუმის ჭიასაც. ქერქი 8-12 პროცენტ ტანიდებს შეიცავს, გამოიყენებოდა ტყავის სათრიმლავად და ქსოვილების შესაღებად.