lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Мальва лесная
ბალბა – ერთწლიანი (მრავალწლიანი) ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. მას ქართლში – ჩიტიპურას, ხევსურეთში – აბაზას, მესხეთ-ჯავახეთში – კორკოტინას, რაჭაში – მოლოქა ფხალს, სამეგრელოში ბუდორიას ეძახიან. ბალბის ღერო ან სწორმდგომია ან დაწოლილი, სიგრძით 30-80 (150) სმ-მდე, დატოტვილი. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალო, ხუთი ან შვიდფრთიანი, კიდედაკბილული, ზემოდან ოდნავ შებუსული, ხოლო ქვემოდან დაფარულია თეთრი ბეწვებით. ყვავილები მსხვილი აქვს ვარდისფერი ან იისფერი, მუქი ძარღვებით. 5-10-ად შეკრებილი სხედან ფოთლის უბეებში. ყვავილსაფარი ორმაგი აქვს, ხუთფურცლიანი, ბევრი მტვრიანითა და ერთი ზედანასკვიანი ბუტკოთი. ნაყოფი მშრალია, რგოლის ფორმის, რომელიც იშლება 10 თითო თესლად. ბალბა ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია მთელს საქართველოში როგორც სარეველა. იგი გვხვდება ბაღებში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ძირითადად იქ, სადაც სარწყავი მიწებია.სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები და ფოთლები. ყვავილებს კრეფენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც ყვავილი ჯერ კიდევ მთლიანად არაა გაშლილი. კრეფენ ხელით, მთელ ყვავილებს ჯამთან ერთად, ყვავილსაჯდომის გარეშე. ფოთლებსაც ამავე დროს აგროვებენ ყუნწების გარეშე. შეგროვილ ნედლეულს აშრობენ ჩრდილში, ჰაერზე ან თბილ შენობაში. გაშრობის შემდეგ ნედლეული შეინახეთ ქილებში, ან კოლოფებში 2 წლის განმავლობაში. ბალბის ყვავილები და ფოთლები შეიცავენ ლორწოვან ნივთიერებებს, ტანინს, კაროტინს (პროვიტამინი A), ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთს, მინერალურ მარილებს (10-15%) შაქარს, ფიტოსტეროლს. ყვავილები შეიცავენ აგრეთვე ანტოციანურ გლიკოზიდ მალვინს. ბალბის ყვავილები და ფოთლები გამოიყენება როგორც სპაზმოლიტური, ხველის საწინააღმდეგო საშუალება. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ბალბის ნაყენი ან ნახარში (დამტკბარი) კუჭნაწლავის ტრაქტის მოშლილობის, სასუნთქი გზების ანთების დროს. მისი ნახარშის მიღებას ურჩევენ აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის დროს. კარგია მისი ნახარშებისა და ნაყენის გამოვლება საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროს (განსაკუთრებით ხმის ჩახლეჩვისას), კანის გაღიზიანებისა და დამწვრობის დროს. ბუასილის სამკურნალო ნაყენი გამოიყენება საფენების სახით. ნაყენი შეიძლება მომზადდეს შემდეგნაირად: 20 გრ. ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მ (1 ჩაის ჭიქა) წყალი, თავი დაახურეთ და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და შეავსეთ საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე ანადუღარი წყლის დამატებით. მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. ნახარში მზადდება პროპორციით 1:20. ხალხურ მედიცინაში ბალბა გამოიყენება საჭლის მომნელებელი სისტემის ანთებთი დაავადებების, ხველების, ცისტიტების, ქოლეცისტიტის დროს, კონიუნქტივიტების, ჩირქოვანი ჭრილობების მოსაწმენდად. მათი რეკომენდაციებით ნაყენი ასე შეიძლება მოამზადოთ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცივი წყალი, გააჩერეთ 5 საათი, გადაწურეთ. ნაყენი დალიეთ ყლუპებით 2-3-ჯერ დღეში. ყვავილების ცხელი ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ მშრალ ყვავილს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ერთი დღის განმავლობაში 3 ჯერზე. პირის ღრუში გამოსავლებად და კომპრესებისათვის 2 ჩაის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთი და გადაწურეთ.