lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Грецкий орех
კაკლისებრთა ოჯახში შედის. დიდი, 20 (35) მ სიმაღლის ხეა ძლიერი გუმბათისებრი ვარჯით. ღერო დაფარულია ღრმანაღარებიანი ღია ნაცრისფერი ქერქით. ახალგაზრდა ტოტები მომწვანო-ყავისფერია. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული კენტფრთართული ფოთლები გრძელყუნწიანია, 7-9 განიერი, ელიფსური ან წაგრძელებულკვერცხისებრი კიდემთლიანი ფოთოლაკებით, რომელთაგან კენწრული ფოთოლაკი ყოველთვის უფრო დიდი და გრძელყუნწიანია. ერთბინიანი ხეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვავილები თავჩაქინდრულ 10 სმ-დე სიგრძის მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი. თითოეულ ყვავილში მტვრიანათა რიცხვი 8-40 ცალის ფარგლებში მერყეობს. მდედრობითი ყვავილები 1-4 ცალის რაოდენობით შეკრებილია მწვანე ყლორტების კენწრულ ნაწილში. ნაყოფი ცრუ კურკიანაა, ელიფსურიდან თითქმის მრგვალ ფორმამდე, რომელიც სიდიდის მიხედვითაც ძლიერ ცვალებადია. ნაყოფს გარეთ არსებული წენგო ხორცოვანი და მწვანეა, რომელიც მომწიფებისას შავდება და ტყვავისებრი ხდება. 1000 ცალი კაკლის წონა 6500-15000გ. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ფართოდ კულტივირებული ხეა. ზოგან ბუნებრივ კორომებსაც ქმნის. ჩვენთან კარგად იზრდება და უხვად ისხამს. ბარში და მთაშიც 1300 მეტრამდე სიმაღლეზე. ცალკეული ხეების სახით გვხვდება 1600-1700 მეტრზეც, მაგრამ ასე მაღლა იგი ფართოდ არაა კულტივირებული, გარდა ამისა აქ ხშირად ზიანდება ყინვებით და იშვიათად მსხმოიარობს. თანაც მეტად ცოტას ისხამს, კარგად განვითარებული ზოგი ეგზემპლარი მისი ზრდის ოპტიმალურ პირობებში 300 კგ-მდე ნაყოფს იძლევა. ყველაზე დიდი მსხმოიარობით 150-180 წლის ასაკში ხასიათდება. კაკლის მერქანი უძვირფასესი საავეჯო ნედლეულია, იგი ადრე წონით იყიდებოდა და საზღვარგარეთ დიდი რაოდენობით გაჰქონდათ შავი ზღვით. კაკლის გული 54-74 პროცენტ ზეთს, 12-21 პროცენტ ცილოვან ნივთიერებებს, ვიტამინ B-სა და პროვიტამინ A-ს შეიცავს. იგი საუცხოო გემოსია და მეტად ყუათიანი, საჭმელად გამოიყენება ნატურალური და ნაირგვარი ტკბილეულის სახით (ხალვა, კანფეტი, ტორტი და სხვა მრავალი). კაკალი საქართველოში ოდითგანვე საკულტო ხედ ითვლებოდა. ახლად გამონასკვული მწვანე ნაყოფი დიდი რაოდენობით გამოიყენება მურაბისათვის. კაკლის ზეთი შესანიშნავი საკვებია და ფერწერისათვის საჭირო ლაქის მასალაა. ზეთგამოხდის შემდეგ დარჩენილი ნარჩენი 40 პროცენტამდე ცილოვან ნივთიერებებს შეიცავს 10 პროცენტ ცხიმთან ერთად. იგი საუცხოოა შინაური ფრინველების საკვებად. ახალგაზრდა მწვანე ნაყოფი მდიდარია ასკორბინის მჟავით (3000 მგ პროცენტამდე) და კაროტინით, ამიტომ ვიტამინიან კონცენტრატის საუცხოო მასალაა. ფოთლებშიდაც ვიტამინ C-ს შემცველობა 4500 მგ პროცენტამდე აღწევს. ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხურ მედიცინაში კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ ხმარობენ. გარდა ამისა სვამენ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასამაგრებლად ავიტამინოზის დროს. წენგოს ფხვნილი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად ითვლება. ამ უკანასკნელ დრომდე წენგოსაგან კეთდებოდა პრეპარატი "იუგლონი" კანის ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ქართულ ხალხურ მედიცინაში ეგზემის წინააღმდეგ დიდი ეფექტურობით იყენებენ წენგოს და ჩვილ მწვანე ნაყოფებს, მათ გასჭრიან და უსვამენ ეგზემურ ადგილებზე. კაკლის ზეთი კონიუნქტივიტების და შუა ყურის ანთების სამკურნალოდ გამოიყენება. წენგოს გამოყენება შეიძლება ტყავის გასათრიმლად, ფოთლებს, ქერქს და წენგოს იყენებენ ქსოვილების, მატყლის, ხალიჩების და თმის ქარცისფრად ან მოყავისფროდ შესაღებად.