lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Барбарис обыкновенный
კოწახურისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. კოწახური 1,5-3 მ სიმაღლის ბუჩქია ძლიერი ფესვითა და გამერქნებული ფესვურებით. ყლორტს ქერქი მონაცრისფროა. დაგრძელებული ყლორტები მოფენილია 3-5 დაყოფილ წვეტიანი ეკლებით. დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფებად განლაგებულია მწვანე უკუკვერცხისებრი, წამწამებით შემოსილი, წვრილად დაკბილულნაპირებიანი ფოთლები. ყვავილები ოქროსფერ-ყვითელი, თავჩაქინდრულ მტევნებად შეკრებილი, ფრიად მგრძნობიარე 6 მტვრიანათი. მტვრიანას ძაფზე ნემსით შეხებისას იგი მყისვე ეცემა დინგს. მწერი ხორთუმით შეხებისას აღიზიანებს მტვრიანას, რომელიც თავზე ეცემა მწერს და მომწიფებულ მტვრის მარცვალს აბერტყავს. სხვა ყვავილის დინგზე თავით შეხებისას მწერი ხელს უწყობს ამ მტვრის იქ დატოვებას. ე.ი. ხელი ეწყობა ჯვარედინ დამტვერვას, რასაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კოწახურის ბიოლოგიაში. ნაყოფი წითელი წაგრძელებული კენკრაა. ყვავის მაის-ივნისში, მწიფობას აგვისტო-სექტემბრიდან იწყებს. მტევნები ბუჩქებზე შუა ზამთრამდე ჰკიდია ხოლმე. მჟავე, სასიამოვნო გემოს ნაყოფი ხალისით იჭმება. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც ფესვის სტოლონებით (ფესვურების ამონაყარი). საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ჭალებში, ძეძვიან-ღვიანებში, მეჩხერ მუხნარებში, მთაში ზღვის დონიდან 200 მეტრამდე და ზოგან უფრო მაღლაც გვხვდება, მაგრამ დიდ სიმაღლეებზე უფრო იშვიათია და თანაც ძლიერ დაბალი. ნიადაგის ნაყოფიერებისა და სიმშრალის მიმართ დაუდევარია, იზრდება მშრალ, თხელ ნიადაგებზე, მაგრამ ოპტიმალური ზრდით ნოყიერ კირნარ ნიადაგებზე გამოირჩევა. სინათლის დიდი მომთხოვნია, ამიტომ ხშირი ტყის საბურველის ქვეშ უსინათლობით ჩქარა იღუპება. ძალიან გამძლეა ყინვების და გვალვების მიმართ, შესანიშნავად იტანს მცხუნვარე მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას. ყოველივე ამასთან ერთად იგი მარილამტანიცაა, მხოლოდ ვერ ეგუება დამდგარწყლიან ჭარბტენიანობას. ნაყოფები 5 პროცენტამდე შაქრებსა და 6-7 პროცენტ ვაშლის მჟავას შეიცავს. მათგან ამზადებენ მურაბას, ლიმონათს, კანფეტებს, გამაგრილებელ სასმელებს, იხმარება კულინარიაში ისეთი ხორციანი კერძების შესაკაზმად, როგორიცაა კუპატი, ხინკალი, ქაბაბი და სხვ. ფართოდაა ცნობილი კოწახურის ლიქიორი. ივნისში შეგროვილი ფოთლები შეიცავენ 120 მგ /პროცენტამდე ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C-ს), ნაყოფმსხმოიარობისას კი დაახლოებით 40 მგ/ პროცენტ ვიტამინ E-ს. გარდა ამისა ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის ბერბერინი, რომელიც სისხლის წნევას დაბლა სწევს, იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და აძლიერებს ნაღვლის დენას. ფოთლის ნაყენს სისხლდენის შესაჩერებლად და ღვიძლის დაავადების დროს იყენებდნენ, ფოთლებს იყენებენ მარინადის მოსამზადებლადაც. ფესვებისგან, რომელიც 2-5 პროცენტ ალკალოიდებს შეიცავს, იღებენ პრეპარატ ბერბერინს, რომელსაც ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს იყენებენ. მწვანე ნაყოფები შაბთან ერთად მატყლის, სელის ქსოვილსა და ქაღალდს ვარდისფრად ღებავს, ფესვები კი მატყლსა და ტყავს ყვითლად ღებავს. კარგი თაფლოვანი ბუჩქია, ამასთან მაღალდეკორაციული თვისებებითაც გამოირჩევა და ამიტომ ბაღ-პარკებში საკმაოდაა დანერგილი, მაგრამ მისი ყველგან დარგვა არასასურველია, იმის გამო, რომ ხელს უწყობს პურეულის პარაზიტი სოკოს (ჟანგა სოკოს) გავრცელებას. კოწახურის ფოთლის ნაყენი 40 პროცენტ სპირტზე 1:10-ზე შეფარდებით (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფოთოლი 10 ნაწილ სპირტზე) მიიღება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებებისას 25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში. ბერბერინის სულფატის აბები (0,005 გ) გამოიყენება ქოლეცისტიტის დროს, როცა თან ახლავს ნაღვლის სადინარების დისკინეზია, აგრეთვე კალკულოზური ქოლეცესტიტის დროს გართულებათა პერიოდებს შორის, ნაღვლის დენის გამაძლიერებელ საშუალებად 5-დან 20 მგ-მდე 2-3-ჯერ დღეში, განმეორებით კურსს 5-10-დღიანი შესვენების შემდეგ უნიშნავენ. საზღვარგარეთის ქვეყნებში ნაირგვარი სახეობის კოწახურების პრეპარატებს იყენებენ როგორც სისხლდენის შემაჩერებელ, ნაღვლის დენის გამაძლიერებელ და ელენთის გადიდების საწინააღმდეგო საშუალებას, მალარიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას. ფიტოთერაპიულ ლიტერატურაში იმის შესახებაცაა ცნობები, რომ კოწახური კიბოს მკურნალობაში გამოიყენება. როგორც უკანასკნელი წლების გამოკვლევებით გამოირკვა, კოწახურისაგან გამოყოფილი ალკალოიდ ბერბერინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია. ამურის კოწახურის (რომელიც თავის ქიმიზმით ძალიან ახლოს დგას აქ განხილულ კოწახურის სახეობასთან) ფოთლების ნაყენი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება მშობიარობის შემდგომი საშვილოსნოს ჰიპოტონიის დროს. აგრეთვე, სხვა მედიკამენტოზურ საშუალებებთან კომბინაციებში, მშობიარობის შემდგომი ენდომიტრიტების და საშვილოსნოს სუბინვოლუციის დროს. ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ კოწახურის ნაყენს გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები და იწვევს საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვას, ადიდებს გულის შეკუმშვათა ამპლიტუდას და ახშირებს რიტმს, დაბლა სწევს სისხლის წნევას. ამურის კოწახურის ფესვებისაგან დამზადებული პრეპარატების მოქმედებაც ანალოგიურია. ჩვეულებრივი კოწახურის პრეპარატები ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირებას, შეკუმშვის გაიშვიათებასა და მათი ამპლიტუდის შემცირებას იწვევს. ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას (ქრონიკული რეციდივირებული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია) აუმჯობესებს ნაღვლის დენას, ამცირებს ტკივილებსა და ანთებად მოვლენებს. ხალხური მედიცინა სამკურნალოდ კოწახურის ფესვებს, ღეროს და ტოტების ქერქს იყენებს. კოწახურის პრეპარატები ქინინის მსგავსად სიცხის დამწევად მოქმედებს. მასვე გააჩნია სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები. კოწახურის ფესვები და ქერქი (ალკალოიდები) რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით ნიკრისის ქარის, რევმატიზმის და წელკავის (წელის გაშეშების) დროს. მიღება ხდება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარი ჩაის კოზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. საჭიროების შემთხვევაში დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს სვამენ. ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია აგრეთვე ნაყოფის გამონახარში ელენთის დაავადების და კუჭის სპაზმების დროს, ფოთლების გამონახარში კი სურავანდის, კუჭაშლილობის და დიზენტერიის წინააღმდეგ.