lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Лапчатка прямостоячая
მარწყვაბალახა ხალხურ მედიცინაში კარგად ცნობილი მცენარეა. მან სახელწოდება მიიღო სიტყვებისაგან tormind (ასე უწოდებენ შუა საუკუნეებში დიზენტერიას, რომლის საწინააღმდეგოდაც იყენებდნენ მცენარეს) და potentilla "ძალა". მარწყვაბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა გორგლისებრია ან მოკლეცილინდრული. ღერო სწორმდგომია ან ამართებადი, წვრილი; ზემოთა ნაწილში დატოტვილი. ღეროს ფოთლები მჯდომარეა, სამყურა, ორი მსხვილი თანაფოთლით. ფოთოლაკები ლანცეტისებრია ან მოგრძო-სოლისებრი. მსხვილ-ხერხკბილა ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ყვავილობის დროს უკვე დამჭკნარია. ყვავილები სწორია, მარტოული, სხედან წვრილ გრძელ ყუნწებზე. ჯამი ორმაგია, 4 გარეთა და 4 შიდა ერთმანეთის მონაცვლე ფოთლით. გვირგვინი ოთხფურცლიანია, რითაც განსხვავდება დანარჩენი სახეობის მარწყვაბალახებისაგან, რომელთაც აქვთ გვირგვინის 5 ფურცელი. ფურცლები ოქროსფერ-მოყვითალოა, ფუძესთან წრიული ლაქებით. მტვრიანა ბევრი აქვს, ნაყოფი მშრალია. მარწყვაბალახა გვხვდება წიწვოვან და წიწვოვან-წვრილფოთლოვან ტყეებში, მდებლოებში და ტყის პირებში, მდინარის ნაპირის გასწვრივ, ბუჩქნარებში, შოთხვსა და ტირიფთან ერთად. ნესტიან ადგილებში ვითარდება უფრო მსხვილი ფესურებით. ფესურას აგროვებენ შემოდგომით, აცლიან წვრილ ფესვებს, რეცხავენ და აშრობენ. გამშრალი ფესურები მაგარია და მძიმე, მაგრამ მათი დანაყვა ადვილია. გარედან მუქი-რუხია, გადატეხის ადგილას მუქი წითელი ან მოწითალო-წაბლისფერი. გემო ძალიან მწკლარტე აქვს. შეიცავს 15-30% სათრიმლავ ნივთიერებებს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ფლავონოიდები, გლიკოზიდი ტორმენტილინი, ქინაქინის მჟავა, ფისები, ეთერზეთის კვალი.