lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
алкоголизм
ალკოჰოლიზმი (ქრონიკული ალკოჰოლიზმი) პროგრესულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის საფუძველსაც ეთილის სპირტისადმი ლტო¬ლვა წარმოადგენს. სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება (ლოთობა) იწვევს ქცევის ზნეობრივი და სოციალური ნორმების რღვევას. ამით ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებას. ახალგაზრდებს შორის სიკვდილის მიზეზი ხშირად ალკოჰოლური მოწამვლაა. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა (მაგალითად, მოციმციმე არითმია). ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში იზრდება საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სატრანსპორტო ტრავმების ალბათობა. ალკოჰოლიზმით დაავადებულებს შორის თვითმკვლელობა უფრო ხშირია. ალკოჰოლიზმის ადრეულ სტადიაზე თავს იჩენს წყლულოვანი დაავადება, ტრავმები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოგვიანებით - ღვიძლის ციროზი, პიელონეფრიტი, ტვინისმხრივი დარღვევები. მიზეზები. ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედაციური მოქმედება, რაც ეიფორიას (გუნება-განწყობის ამაღლებას) და რელაქსაციას (დაძაბულობის მოხსნას) იწვევს. ასეთი ეფექტებისადმი მიილტვიან პათოლოგიური პიროვნებები, ნევროზიანები, ისინი, ვინც ვერ ახერხებს საზოგადოებასთან ადაპტირებას, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის პირობებში მომუშავეები. ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემოცვა, ოჯახური მიკროკლიმატი, აღზრდა, ტრადიციები, სტრესებისა და სტრესული სიტუაციების სიხშირე. უდავოა მემკვიდრეობითი ფაქტორების, სახელდობრ, ხასიათის თავისებურებისა და მეტაბოლური ცვლის დარღვევისადმი წინასწარგანწყობის გავლენა.