lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Кишечная непроходимость
ნაწლავთა გაუვალობა დაავადებაა, რომელიც ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების გაძნელებით ან შეწყვეტით გამოიხატება. ის უპირატესად 30-60 წლის პირებს შორის გვხვდება. ნაწლავთა გაუვალობა მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიულ დაავადებათა 1,2-9,4%-ს შეადგენს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება. განასხვავებენ ნაწლავთა გაუვალობის ხელშემწყობ ფაქტორებსა და უშუალო მიზეზებს. უშუალო მიზეზებად ითვლება ნაწლავთა თანდაყოლილი ანომალია, შევიწროება (სიმსივნე, ჭიებით ინვაზია, ოპერაციის შემდგომი შეხორცება), ხელშემწყობ ფაქტორებად კი - არარეგულარული კვება (რომელიც ჰიპერპერისტალტიკას იწ¬ვევს), ფაღარათი, შეკრულობა და სხვა. გაუვალობა სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ნაწლავთა მწვავე გაუვალობა სხვადასხვა ბუნებისაა: I - დინამიკური (ფუნქციური): ა. სპაზმური; ბ. პარალიზური; II - მექანიკური: ა. ობტურაციული (სიმსივნით, უცხო სხეულით, განავლოვანი ან ნაღვლის კენჭით, ბეზოარით, ჭიების გორგლით, კოპროსტაზით განპირობებული); ბ. სტრანგულაციური (ნაწლავის შემოგრეხით, კვანძით, შიგნითა გაჭედვით განპირობებული); გ. შერეული (ინვაგინაცია, შეხორცებითი გაუვალობა). ნაწლავთა მწვავე გაუვალობის იშვიათი ფორმაა ბეზოარით გამოწვეული გაუვალობა. ბეზოარი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ უცხო სხეულს, რომელიც თმისგან, მცენარეთა გადაუმუშავებელი ბოჭკოსა და კურკებისგან, თხის ქონისგან, საღებავი ნივთიერებებისგან, ფისისგან ყალიბდება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ბეზოარი სისხლის კოლტის მინერალიზაციის შედეგად, სამკურნალო პრეპარატისგან (სალოლი, მაგნეზია), საღეჭი რეზინის ხანგრძლივი ხმარების გამო წარმოიქმნა. ყველაზე ხშირად ფიტობეზოარით (მცენარეული ბეზოარით) გამოწვეული გაუვალობა გვხვდება. ფიტობეზოარი წარმოიქმნება კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულში, გადადის წვრილ ნაწლავში და იწვევს გაუვალობას.