lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
эшерихиоз
ეშერიხიოზი ნაწლავთა მწვავე  ინფექციაა, რომელსაც ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli) იწვევს. დაავადება მიმდინარეობს გასტროენტერიტით ან  გასტროენტეროკოლიტით. ყველაზე ხშირია ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში. გამოვლინება ზოგჯერ ერთეულია, ზოგჯერ კი ეპიდემიური აფეთქების სახეს იძენს. ეშერიხიოზით ავადდებიან მოზრდილებიც და ბავშვებიც, განსაკუთრებით - 5 წლამდე ასაკში. ადამიანისთვის პათოგენური ეშერიხიები სამი ტიპისაა: ენტეროტოქსიგენური, ენტეროპათოგენური და ენტეროინვაზიური. ენტეროტოქსიგენური E. coli გამოიმუშავებს თერმოლაბილურ ან თერმოსტაბილურ ენტეროტოქსინებს, ზოგჯერ - ორივეს ერთად. იწვევს ბავშვებისა და მოზრდილთა დიარეას. ამ ტიპის ეშერიხიებით გამოწვეულ დაავადებას ზოგჯერ ქოლერის მსგავს ეშერიხიოზს უწოდებენ. დაავადება გვხვდება განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაში, ასევე - იმ პირებში, ვინც ასეთ ქვეყნებში მოგზაურობს (მოგზაურთა დიარეა). ენტეროპათოგენური E. coli უმთავრესად ჩვილებს აავადებს და წვრილი ნაწლავის დაზიანებას იწვევს. ენტეროინვაზიური E. coli, ენტეროტოქსიგენურისგან განსხვავებით, ენტეროტოქსინებს არ გამოიმუშავებს, მაგრამ შესწევს ნაწლავის ლორწოვანის ეპითელიუმში ინვაზირებისა და დაღუპვის შემდეგ ენდოტოქსინის გამომუშავების უნარი. ენტეროინვაზიური E. coli-თ გამოწვეული დაავადება დიზენტერიას ჰგავს. ინფექციის წყაროს ავადმყოფი წარმოადგენს. განსაკუთრებით საშიშია წაშლილი (უსიმპტომო) ფორმით დაავადებული ადამიანი, შედარებით ნაკლებად საშიში - ბაქტერიამატარებელი.  ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს შინაური ცხოველი და ფრინველიც. ეშერიხიოზით დასნებოვნება ფეკალურ-ორალური გზით ხდება. დაავადების განვითარებისთვის აუცილებელია, ორგანიზმში საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით მოხვდეს პათოგენური ნაწლავის ჩხირი. ინფექცია ინფიცირებული რძისა და მისი ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით ვრცელდება, შედარებით იშვიათად - დაბინძურებული წყლით. არც ინფექციის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით გავრცელებაა გამორიცხული.