lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
карцинома кишки
მსხვილი ნაწლავის კარცინომა (კოლინჯის კიბო) მსხვილი ნაწლავის კიბოს წილად ონკოლოგიური დაავადებების 5-6% მოდის. ის უმეტესად 50-60 წლის მამაკაცებს ემართებათ. კარცინომის განვითარების რისკს ზრდის კიბოსწინარე დაავადებები: ადენომა, დიფუზიური პოლიპოზი და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. მაგალითად, დიფუზიური პოლიპოზის მალიგნიზაცია ასიდან თითქმის ასივე შემთხვევაში ხდება. სხვადასხვა ქვეყანაში მსხვილი ნაწლავის კარცინომის გახშირებას ზოგი მეცნიერი რაციონში ხორცისა და ცხოველური ცხიმის შემცველობის მომატებას და უჯრედისის კლებას უკავშირებს. ვეგეტარიანელებს შორის ეს დაავადება ნაკლებად არის გავრცელებული. ხშირია აზბესტის წარმოებასა და ხის სახერხებში მომუშავე პირებს შორის. ქრონიკული შეკრულობა კოლინჯის კიბოს რისკფაქტორია. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ კიბო ხშირად ვითარდება მსხვილი ნაწლავის მოხრის ანუ განავლოვანი მასების შეფერხების ადგილას. კიბო ყველაზე ხშირად სიგმოიდურ კოლინჯსა და ბრმა ნაწლავში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად - აღმავალ კოლინჯში, მარჯვენა ნაკეცში, განივ კოლინჯში, მარცხენა ნაკეცსა და დაღმავალ კოლინჯში. თუ კიბო პოლიპოზის ფონზე აღმოცენდა, ხშირად ჩნდება სიმსივნის ერთზე მეტი კერა (ორმაგი და სამმაგი ლოკალიზაცია). კოლინჯის ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობას (90%-ს) ადენოკარცინომული სტრუქტურა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმისგან არის წარმოშობილი. იშვიათად გვხვდება ბეჭდისებრუჯრედოვანი, ბრტყელუჯრედოვანი და არადიფერენცირებული კიბო. სიმპტომები და მიმდინარეობა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომატიკა სიმსივნის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ადრეულ სტადიაში დაავადებას მკვეთრი, დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა ავადმყოფის გულდასმით გამოკითხვის შედეგად შესაძლებელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, შრომის უნარისა და მადის დაქვეითების დაფიქსირება. გახდომა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომია, მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს იშვიათია, პირიქით, შესაძლოა, ავადმყოფმა მოიმატოს კიდეც წონა. დროთა განმავლობაში თავს იჩენს ნაწლავური აშლილობის ნიშნები: ნაწლავების ყურყური, ფაღარათი და შეკრულობა, მუცლის პერიოდული სპაზმური (ჭვალისებური) ან მუდმივი ყრუ ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება საკვების მიღებას. თუ სიმსივნურმა წარმონაქმნმა ნაწლავის სანათური შეავიწროვა, ვითარდება მუცლის ცალმხრივი შებერვა. მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნაწილის კიბო ქრონიკული, მაგრამ ნელა მიმდინარე სისხლდენის გამო ანემიას იწვევს. მოგვიანებით დაავადების სიმპტომები ძლიერდება. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება ნაწლავის გაუვალობა, სისხლდენა, ანთებითი გართულებები (აბსცესი, ფლეგმონა, პერიტონიტი).