lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
карцинома матки
საშვილოსნოს კიბოს გავრცელებული დაავადებაა. ამჟამად მას მეოთხე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის, კანისა და კუჭ-ნაწლავის კიბოს შემდეგ. საშვილოსნოს კარცინომა უმთავრესად 40-დან 60 წლამდე ასაკში ვითარდება. მისი განვითარების რისკფაქტორებია დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, მოწევა, ადამიანის პაპილომავირუსი, აივ-ვირუსი, სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, გვიანი მენოპაუზა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, ადრეულ ასაკში მშობიარობა, ვენერული დაავადებები, პერორალური კონტრაცეპტივების მიღება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს სიმსუქნე: ნორმასთან შედარებით 10-25 კილოგრამით ჭარბი წონის მქონე ქალებში საშვილოსნოს კარცინომის განვითარების ალბათობა 3-ჯერ იმატებს, ხოლო 25 კილოგრამზე მეტი ჭარბი წონის შემთხვევაში - 9-ჯერ. საშვილოსნოს კიბოს განვითარებას ხელს უწყობს კიბოსწინარე დაავადებები: ეროზია, წყლული, მშობიარობის შემდგომი ნაწიბურები, წანაზარდები ეპითელიუმზე (კონდილომა, პოლიპი),  ასევე - ქრონიკული ანთებითი პროცესები: ენდოცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ანთება) და ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება). საშვილოსნოს უბნის ეპითელიუმის ბუნების მიხედვით განასხვავებენ კიბოს რამდენიმე ნაირსახეობას: საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვან კიბოს, საშვილოსნოს ყელის არხის ჯირკვლოვან კიბოს და საშვილოსნოს ღრუს ჯირკვლოვან კიბოს (ადრენოკარცინომას). ყველაზე ხშირად (70%) საშვილოსნოს ადენოკარცინომა აღირიცხება, ყველაზე იშვიათად კი სარკომა (შემაერთებელქსოვილოვანი ავთვისებიანი სიმსივნე). საშვილოსნოს კიბო დიფერენცირების მიხედვით სამი ხარისხისაა: მაღალდიფერენცირებული, ზომიერად დიფერენცირებული და დაბალდიფერენცირებული. გამოყოფენ განვითარების ოთხ სტადიას: I სტადია - სიმსივნური წარმონაქმნი მდებარეობს საშვილოსნოს სხეულში; II სტადია - დაზიანებულია საშვილოსნოს სხეულიცა და ყელიც; III სტადია - სიმსივნე გავრცელებულია პარამეტრულ უჯრედებზე ან მეტასტაზები მოდებულია საშოს; IV სტადია - სიმსივნე გავრცელებულია მენჯის ღრუს გარეთ, ჩაზრდილია შარდის ბუშტში ან სწორ ნაწლავში.