lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
кератит
კერატიტი თვალის რქოვანა გარსის ანთებითი დაავადებაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, სოკომ, ქრონიკულმა დაავადებებმა (ტუბერკულოზმა, სიფილისმა და სხვა), ავიტამინოზმა, დისტროფიულმა ცვლილებებმა. კერატიტი მძიმე დაავადებაა - რქოვანა გარსის შემღვრევამ, გუგის არეში შეხორცებათა გაჩენამ და კერატიტის სხვა შედეგებმა შესაძლოა მხედველობის მყარი, შეუქცევადი დაქვეითება გამოიწვიოს. მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენდოფთალმიტი (თვალის შიგნითა გარსის ანთება) და პანოფთალმიტი (თვალის ყველა გარსის ჩირქოვანი ანთება). დაავადება გრძელდება რამდენიმე კვირას ან რამდენიმე თვეს. ზედაპირული (გვერდითი) კატარული კერატიტი. კერატიტის ეს ფორმა ვითარდება კონიუნქტივიტის (თვალის შემაერთებელქსოვილოვანი ანთება), ბლეფარიტის (ქუთუთოს კიდეების ანთება), ქრონიკული დაკრიოცისტიტის (საცრემლე პარკის ანთება) დროს. თან სდევს სინათლის შიში, თვალის ტკივილი. რქოვანას ირგვლივ კონიუნქტივა წითლდება. რქოვანას კიდეებში წარმოიქმნება ერთეული ან ერთმანეთში გარდამავალი ინფილტრატები, რომლებიც შესაძლოა დაწყლულდეს. შემდგომში რქოვანა გარსში სისხლძარღვები ჩაიზრდება. კერატიტის ამ სახესხვაობას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა გამოხატული დინამიკის გარეშე.