lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
рак яичника
საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. ამ დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება. განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს. საკვერცხის პირველადი კიბო, წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას. სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება. საკვერცხის მეორეული კიბო უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა (გიგანტურიც კი გვხვდება) და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით (სეროზული კისტომა), ან ლორწოთი (ფსევდომუცინოზური კისტომა), ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით (ტერატოიდული კისტომა). ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები - პაპილომური წანაზარდები, რომლებიც გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის. საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს. სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით (კრუკენბერგის სიმსივნე). საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.